ჩვენი სტუდენტის – სოფია ლოლაძის ფინალური პროექტი
თარიღი: 28 February, 2023
,,ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, რადგან აკადემიაში დამხვდა ძალიან მეგობრული, სასიამოვნო, კომფორტული და შედეგებზე ორიენტირებული გარემო.”
დღეს სოფია ლოლაძე მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ. სოფიომ ჩვენთან გრაფიკული დიზაინის კურსი გაიარა, ფინალური პროექტისთვის კი ქართული მითოლოგიური პერსონაჟები შექმნა.
-თქვენ შესახებ, რომ მოგვიყვეთ..
გამარჯობა, მე ვარ სოფია ლოლაძე, 26 წლის. დავამთავრე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, გეოგრაფიის განხრით. ამავე სფეროში განვაგრძე სწავლა და მივიღე მაგისტრის აკადემიური ხარისხი. ასევე შევისწავლე ინტერიერის დიზაინი რის შემდეგაც დავინტერესდი და დავიწყე მოძიება ისეთი ციფრული პროფესიების, სადაც მექნებოდა მეტი შემოქმედებითი თავისუფლება.
ალი
-როდის გაგიჩნდა ინტერესი ამ სფეროსადმი?
ბავშვობაში მიყვარდა ხატვა, რვეულის უკანა ფურცლებზე ყოველთვის სხვადასხვა გამოგონილ პერსონაჟებს ვხატავდი (ისე როგორც გამომდიოდა), რამდენიმე პროფესიის შესწავლის შემდგომ მივხვდი, რომ მქონდა უამრავი იდეა და წარმოსახვითი სურათი, რომელიც მხოლოდ ჩემს გონებაში რჩებოდა, ამიტომ მჭირდებოდა ისეთი სფეროს მოძიება და უნარების განვითარება, სადაც ჩემი აზრების და წარმოსახვის ვიზუალიზაციას და სხვებისთვის გაზიარებას შევძლებდი.
-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?
ციფრული ინდუსტრიის აკადემიის შესახებ გავიგე ინტერნეტის მეშვეობით, გადავხედე კურსდამთავრებულების ნამუშევრებს და გავეცანი რეკომენდაციებს. ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, რადგან აკადემიაში დამხვდა ძალიან მეგობრული, სასიამოვნო, კომფორტული და შედეგებზე ორიენტირებული გარემო.
დალი
-რომელი კურსი გაიარეთ და როგორია თქვენი შთაბეჭდილება?
გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი, შედეგით ვარ კმაყოფილი. საინტერესო გამოცდილება იყო აკადემიასთან ერთად ამ სფეროში ჩემი პირველი ნაბიჯები.
-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინეთ?
შევიძინე ამ სფეროსთვის საჭირო პრაქტიკული უნარები, მათ შორის ისეთი, რომლებიც მეხმარება კონკრეტული სამუშაოების ნაკლებ დროში შესრულებაში და თეორიული ცოდნა, რომლის მეშვეობით ჩემი ნამუშევრები იქნება ვიზუალურად, შინაარსობრივად გამართული და სრულყოფილი. ვარ უფრო მეტად თავისუფალი და თავდაჯერებული, რაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ იგრძნობოდეს ნამუშევარში შენი ხელწერა.
ლილე
-მენტორი..
ჩემი მენტორი იყო მარიამ ნადირაძე, რომელიც ყოველთვის გვიზიარებდა მის გამოცდილებას, ამომწურავად და გასაგებად გვაწვდიდა ინფორმაციას. დავალებებს ყოველთვის დეტალურად განვიხილავდით და ვიღებდით საჭირო რჩევებს შედეგების გასაუმჯობესებლად.
ასევე გვაძლევდა ინფორმაციას ამ სფეროს განვითარებისა და უახლესი ტენდენციების შესახებ. სწავლის პროცესი იყო ძალიან კომფორტული და საინტერესო.
-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..
დამწყებ დიზაინერებს ვურჩევდი, რომ ნუ შეეშინდებათ სიახლეების, ნუ შეიტანენ ეჭვს თავიანთ უნარებში. კურსის გავლის შემდეგ აუცილებლად შეძლებენ საჭირო უნარების გამომუშავებას. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება თქვენი ჰობი, თუ შემდგომი პროფესია, ეს არის სფერო, სადაც თუნდაც მარტივი ილუსტრაციების მეშვეობით შეგიძლიათ თქვენი ფიქრების, აზრების, ემოციების, პროტესტის ვიზუალიზაცია და ნებისმიერი ტიპის აუდიტორიამდე მიტანა, მთავარია იდეა. ვურჩევდი ათვალიერონ სხვადასხვა ნამუშევრები, თვალი ადევნონ სიახლეებს და ტენდენციებს და იყვნენ გაბედულები.
მამბერი
-რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?
იქიდან გამომდინარე, რომ სწავლის პროცესშივე მივხვდი ჩემთვის უფრო საინტერესო იყო პერსონაჟებზე მუშაობა, პირველი თემატიკა, რაც თავში მომივიდა იყო მითოლოგია. მენტორთან ამ აზრის გაზიარების შემდეგ, ჩამოვყალიბდი ქართული მითოლოგიის პერსონაჟებზე.
როცა ინტერნეტში დავიწყე მოძიება, არც ისე ბევრი ნამუშევარი იყო, ამან კი პროცესი უფრო საინტერესო გახადა და მომცა საშუალება შინაარსის მიხედვით ჩემებურად გადმომეტანა ამ პერსონაჟების სახე. საბოლოოდ უფრო მეტად დავინტერესდი სვანეთის მითოლოგიით, დავიწყე მუშაობა და დეტალებიც ნელ-ნელა გაჩნდა.