ჩვენი სტუდენტის ნინი ჩიკვილაძის ფინალური პროექტი
თარიღი: 30 September, 2024
ნინი ჩიკვილაძე ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. მან გრაფიკული დიზაინის 2 თვიანი კურსი გაიარა და 14 ვორქშოპის შემდეგ ფრანგი ეგზისტენციალი ფილოსოფოსისა და ფემინისტის, სიმონ დე ბოუარის წიგნის “მეორე სქესი”-ს თავისებური ქავერი შექმნა.
მე ნინი ჩიკვილაძე ვარ. 12 წლის განმავლობაში სხვადასხვა ტელევიზიებში ვიმუშავე. ჯერ იყო “რუსთავი 2”, სადაც პირველ ეტაპზე სთორითელერი, შემდეგ კი პროდიუსერი ვიყავი. ვიმუშავე საერთაშორისო, ლიცენზირებულ პროექტებზე, სადაც საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე. ამის შემდეგ იყო “Formula Creative”, სადაც ერთ-ერთი საერთაშორისო პროექტის მთავარ პროდიუსერად ვიმუშავე. 2019 წელს, ახალი ტელეკომპანია – “Formula” დაარსდა. დაარსების დღიდან 2024 წლის ივნისამდე, ფროდაქშენის პროდიუსერი ვიყავი. არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად საინტერესო პროექტებზე ვიმუშავე. ასევე დამოუკიდებლად, ჩემს უახლოეს მეგობართან ერთად, ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი და რამდენიმე სარეკლამო ვიდეო გადავიღე. ახლა ფრილანსერი ვარ, დამოუკიდებლად მუშაობამ გარკვეული ჩარჩოებისგან გამათავისუფლა, ამან საშუალება მომცა, საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები აღმომეჩინა.
გრაფიკული დიზაინით 2 წლის წინ დავინტერესდი. ჩემს თავში იდეები ჩნდებოდა, რაც მხოლოდ ჩემს თავში რჩებოდა, რადგან არ ვიცოდი, როგორ გადმომეთარგმნა ციფრულ სამყაროში. რამდენჯერმე ვცადე, დრო გამომენახა და შესწავლა დამეწყო, მაგრამ, სამწუხაროდ, გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ ვახერხებდი.
შემდეგ ჩემმა კარგმა ნაცნობმა ციფრული ინდუსტრიის აკადემია მირჩია. ამ პერიოდში ჩემი თანამშრომლობა ტელევიზიასთან სრულდებოდა. გადავწყვიტე, გამერისკა და პროფესიის შეცვლა მეცადა. საკმაოდ “საშიში” გადაწყვეტილება იყო. წარმოიდგინეთ 12 წელი აკეთებთ ერთ საქმეს და თან იცით, ეს არც თუ ისე ცუდად გამოგდით და შემდეგ პროფესიას იცვლით, იმ სამყაროში აბიჯებთ, სადაც ჯერ “სიარულიც” არ გისწავლიათ. შემდეგ ჩემს თავთან მოვილაპარაკე, რომ მოდი ვცდი, რატომ არ უნდა ვცადო? და ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში მოვედი.
გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი, სადაც შევისწავლე პროგრამები: Adobe Photoshop და Adobe Illustrator. ნამდვილად არ მეგონა, 2 თვეში ამდენი რამის სწავლა თუ შეიძლებოდა. ყველა ვორქშოფი, რაც გავიარე, იყო ძალიან საინტერესო და ინფორმატიული. თავიდან ვღელავდი, რომ 3 საათიან ვორქშოფზე რა უნდა მომესმინა ისეთი, რომ ერთ ადგილას ჯდომა მოსაბეზრებელი არ გამხდარიყო, მაგრამ ახლა, როცა გავიარე ეს კურსი, გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ შესვენების დრო რომ მოდიოდა, მხოლოდ ეგ ნაწილი იყო მოსაწყენი.
ამ კურსის მეშვეობით განსხვავებულად ფიქრი ვისწავლე. ვისწავლე ის, რომ შენს თავში გაჩენილი ყველა იდეა შეგიძლია გააციფრულო. ამ კურსის შემდეგ აღარ ვთვლი, რომ რამე გავრისკე, ახლა ვიცი, რომ შემიძლია.
ამ კურსის განმავლობაში, ჩემი ლექტორი ქეთი შალუტაშვილი იყო. ვინც გრაფიკული დიზაინის კურსის გავლას აპირებს და ვისი ლექტორიც ქეთი იქნება, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ძალიან გაგიმართლათ. ქეთი ნამდვილად არის ის დიზაინერი, რომლისგანაც ბევრს ისწავლით. რაც მთავარია, აქვს საოცარი გადმოცემის უნარი. გარდა პრაქტიკული ცოდნის, თეორიულ ცოდნასაც იძლევა, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია დიზაინში. კურსის განმავლობაში ისეთ მასალებს გვაცნობდა, რაც ძალიან დამეხმარა სწორად ფიქრში, შთაგონებაში და იდეების განხორციელებაში.
მე დამწყები გრაფიკული დიზაინერი ვარ და ძალიან გამიჭირდება ვინმეს რამე ვურჩიო, თუმცა შემიძლია ჩემი ამ პატარა გამოცდილებით გითხრათ, რომ როგორც პრაქტიკულ ნაწილს, ასევე დიდი ყურადღებით მოეკიდეთ თეორიულ ნაწილსაც. ეს აუცილებლად დაგეხმარებათ , იპოვოთ საკუთარი სტილი და ინტერესის სფერო დიზაინში. ასევე, რაც ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია, არ შეწყვიტოთ პრაქტიკა კურსის დასრულების შემდეგ. კურსის შემდეგ მხოლოდ თქვენზეა, როგორ გამოიყენებთ მიღებულ ცოდნას.
ჩემი ფინალური ნამუშევარი, ფრანგი ეგზისტენციალი ფილოსოფოსისა და ფემინისტის, სიმონ დე ბოუარის წიგნის “მეორე სქესი”-ს ქავერია.
წიგნებს ხშირად ვყიდულობ, ძირითადად ონლაინ. წიგნის მაღაზიები ძალიან მიყვარს, თუმცა უფრო მეტად ევროპაში მოგზაურობისას. ამის მიზეზი ის არის, რომ როდესაც საქართველოში ვყიდულობ წიგნს, თითქმის არასდროს მომწონს მისი გარეკანი. რა თქმა უნდა, წიგნს მისი შინაარსის გამო ვყიდულობთ, მაგრამ, ჩემი აზრით, თუ გარეკანი საინტერესო დიზაინით იქნება, უფრო მეტი მყიდველიც ეყოლება და შესაძლოა უფრო მეტი მკითხველიც. ამიტომ გადავწყვიტე ისეთი წიგნის ქავერი გამეკეთებინა, რომელსაც იშვიათად კითხულობენ ჩვენს ქვეყანაში და გამეკეთებინა ისე, რომ დიზაინის გამო გასჩენოდათ მისი შეძენის სურვილი. არ ვიცი, რამდენად გამომივიდოდა ჩანაფიქრი, ასეთი დიზაინით რომ გამოცემულიყო ეს ნაშრომი, მაგრამ ჩემს მეგობრებში ჩემი დიზაინით შექმნილი “მეორე სქესი” საკმაო პოპულარობით სარგებლობს. (რა თქმა უნდა, ისინი ჩემი მეგობრები არიან და შესაძლოა მხოლოდ მეგობრობის ხათრით მეუბნებიან ასე, თუმცა მაინც იმედს ვიტოვებ, რომ დიზაინის წვლილიც არის, რადგან ძალიან პირდაპირი მეგობრები მყავს).