ჩვენი სტუდენტის – ნათი გოგიტაძის ფინალური პროექტი
თარიღი: 4 January, 2024
გაეცანით მოუშენ დიზაინის კურსდამთავრებულის, ნათი გოგიტაძის ნამუშევრებს, რომლებიც მან 12 ვორქშოფის შემდეგ შექმნა.
მოგესალმებით, მე ვარ ნათი გოგიტაძე. ამჟამად ვმუშაობ ფრილანსერად, მოუშენ დიზაინის მიმართულებით. თავისუფალ დროს ვატარებ მეგობრებთან ერთად, ვსეირნობ, ან ვვარჯიშობ.
ბავშვობიდან მოყოლებული, განსაკუთრებულად მიყვარდა ანიმაციებისა და ფანტასტიკური ჟანრის ფილმების ყურება, ამიტომ ილუსტრაციების გაცოცხლების და ვიზუალური ეფექტების საშუალებით აზრების გადმოცემის კონცეფცია ჩემზე ყოველთვის შთაბეჭდილებას ახდენდა.
დაახლოებით ერთი წლის წინ ჩემი დისგან გავიგე მოუშენ დიზაინის არსებობის შესახებ. ჩავთვალე, რომ შეიძლებოდა, სწორედ ეს ყოფილიყო ის სფერო, რომელშიც ძალისხმევის ჩადება ღირდა. ციფრული ინდუსტრიის აკადემიის გვერდს დიდი ხანია თვალს ვადევნებ, რადგან ადრე გრაფიკული დიზაინის შესწავლას განვიხილავდი. როცა გავიგე, რომ მოუშენ დიზაინის კურსიც ჰქონდათ, აკადემიაზე უკვე კარგი წარმოდგენა მქონდა შექმნილი. გავეცანი ინფორმაციას და გადაწყვეტილებაც მარტივად მივიღე.
აკადემიაში გავიარე მოუშენ დიზაინის კურსი. ვფიქრობ, კურსი მოიცავს ყველა იმ ძირითად, საჭირო საკითხს, რომლის ცოდნაც აუცილებელია დამწყები მოუშენ დიზაინერებისათვის მყარი საფუძვლის შესაქმნელად. ინტერაქციული სესიები საშუალებას მაძლევდა, თავისუფლად დამესვა შეკითხვები, ხოლო შეხვედრის ჩანაწერების ხელმისაწვდომობამ – საშუალება მომცა, ხელახლა მეყურებინა ლექციებისათვის და მესწავლა საკუთარი ტემპით.
კურსის განმავლობაში არაერთი ღირებული უნარი ავითვისე/გავიუმჯობესე. მათ შორის გამოვარჩევდი ჩემს აღქმას შეცდომების დაშვებასთან მიმართებაში. ზოგადად, შეცდომები ზრდის და განვითარების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ, უმეტესად, მაინც დისკომფორტთან ასოცირდება. მოუშენ დიზაინის შემთხვევაში პირიქითაა – მუშაობის პროცესში შეცდომების დაშვებამ არა მარტო გააძლიერა ჩემი ტექნიკური უნარები და წარმოსახვა, არამედ სახალისო და აღმოჩენებით სავსე აღმოჩნდა.
ჩვენი მენტორი, ნიკოლოზ ჯალაღონია დეტალურად გვიხსნიდა ყველაფერს, გვაწვდიდა ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას ამ სფეროს საჭიროებების შესახებ. მისმა მიდგომამ სწავლის პროცესი საინტერესო და ინფორმაციული გახადა.
ინტერნეტში ხშირად მხვდება იმ დამწყები დიზაინერების პოსტები, რომლებმაც ზუსტად არ იციან, პირველ რიგში, რომელი პროგრამა შეისწავლონ – ფოტოშოპი, ილუსტრატორი თუ აფთერ ეფექტი. პირადად მე, საწყის ეტაპად, აფთერ ეფექტი ავირჩიე და ფინალური პროექტიც მთლიანად მანდ ავაწყე. კურსის გავლის შემდეგ დავრწმუნდი, რომ შეგიძლიათ პირველი აირჩიოთ ის, რაც ყველაზე მეტად აღგაფრთოვანებთ.
ზოგადად, იდეები უშუალოდ მუშაობის პროცესში მომდის, ამიტომ გადავწყვიტე პროექტში სწორედ საკუთარი შემოქმედებითი პროცესი აღმებეჭდა.