ჩვენი სტუდენტის – ნატალია რიგვავას ფინალური პროექტი
თარიღი: 11 September, 2023
გამარჯობა. მე ვარ ნატალია რიგვავა. მე-18 სეზონია ვმუშაობ ოპერისა და ბალეტის თეატრში, ბალეტის მსახიობად. დავამთავრე ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლა, ასევე ვარ შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ბაკალავრი, პროფესიით ხელოვნებათმცოდნე.
ხატვისადმი ინტერესი ღრმა ბავშვობიდან მქონდა. ბაბუა ხატავდა. ჩვენი სახლის კედლები მთლიანად მის ნახატებში იყო. ეს იყო ინსპირაციის წყაროც.
რადგანაც მომწონდა ხატვა და ვეძებდი ახალ პროფესიას, მივედი იმ დასკვნამდე, რომ ყველაზე ახლოს ჩემთან ეს საქმიანობა იქნებოდა.
ციფრული ინდუსტრიის აკადემია მეგობარმა მირჩია. გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი. დიდი გამოცდილება მივიღე ამ ორი თვის განმავლობაში.
კურსის განმავლობაში გამოვიმუშავე კონცენტრირების უნარი რომ დიდი მასალის სწრაფად აღქმა შემძლებოდა და ასევე დროის მენეჯმენტი, რათა არსებული დავალება მალე შემესრულებინა.
იმ გარემოების გათვალისწინებით რომ არანაირი შეხება არ მქონია ამ სფეროსთან, დიდი პროგრესი განვიცადე, რაშიც ჩემი მენტორი მარიამ ნადირაძე დამეხმარა. აბსოლუტურად ყველა კითხვაზე ამომწურავ ინფორმაციას გვაწვდიდა. მისგან ძალიან პოზიტიური მუხტი მოდიოდა ყოველ გაკვეთილზე, რაც უფრო მეტ სტიმულს გვაძლევდა მოსწავლეებს რომ საფუძვლიანად შეგვესწავლა მოცემული მასალა და დავალებებიც დროულად მოგვეწოდებინა.
არცერთ მოსწავლეს არ ტოვებდა შეფასების გარეშე. ასევე საინტერესო იყო საკუთარი გამოცდილება რომ გაგვიზიარა დამწყებ დიზაინერებს. რჩევები მოგვცა, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სამომავლოდ და როგორი მიმართულებით წავიდეთ ამ მრავალფეროვან სფეროში, როგორიცაა გრაფიკული დიზაინი.
დამწყებ დიზაინერებს ვურჩევ მუდამ ეძიონ ინსპირაციის წყაროს, არა მარტო ინტერნეტ სივრცეში, არამედ ქუჩაში, ბიბლიოთეკა იქნება, თუ მუსიკალური ალბომების მაღაზია, კაფე თუ ფოტოგამოფენა. დააკვირდით ადამიანებს, ცოცხალ არსებებს, ბუნებას, არქიტექტურას და ყველგან იპოვით თქვენთვის სასურველ რეფერენსს.
ასევე მნიშვნელოვანია არ მოგერიდოთ კითხვების დასმა, გამოცდილი ადამიანებისგან დახმარების თხოვნა.
ჩემი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო იყო დიდი ხნის სურვილი, ქართულ ბაზარზე შემექმნა ილუსტრაციები საბავშვო წიგნებისთვის, რომლებიც იქნებოდა გამორჩეული თბილი, ნათელი ფერებითა და ახალი პერსონაჟებით. რომლებიც კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდიდნენ ქართულ საბავშვო ლიტერატურას.
ასევე მქონდა იდეა შემექმნა ზღაპარი ჩემი შვილებისთვის, რომლის პერსონაჟი იქნებოდა არარსებული ცხოველი. ეს არსება დახატული მქონდა ბავშვობაში და სიმართლე გითხრათ, მაშინ არც კი წარმომედგინა, რომ მისი ზღაპარში გაცოცხლება წარმატებას მომიტანდა.
ჩემთვის ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი იყო ამ პროექტზე მუშაობა. მით უმეტეს, დიდი გამოწვევის წინაშე დადგა ჩემი საკითხი, რადგან მივლინების გამო ერთ კვირაში უნდა მომესწრო ნაშრომის ჩაბარება.
უღრმეს მადლობას ვუხდი ჩემს მენტორს მარიამს და ციფრული ინდუსტრიის აკადემიას გვერდში დგომისთვის.