ჩვენი სტუდენტის მარიამ ყანჩაველის ფინალური პროექტი
თარიღი: 19 December, 2024
მარიამ ყანჩაველი ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. მან მოუშენ დიზაინის 1 თვიანი კურსი გაიარა და 12 ვორქშოპის შემდეგ ანიმაციური სივი გააკეთა.
მე მარიამი ვარ, 28 წლის. გრაფიკული დიზაინერი, ილუსტრატორი, ანიმატორი. ვსწავლობდი სამხატვრო აკადემიაში – მედია ხელოვნების ფაკულტეტზე, სადაც ვისწავლე გრაფიკული დიზაინი.
ბავშვობიდან მიყვარს ხატვა, ხელოვნება და ვცდილობდი საკუთარი თავი ამ სფეროში დამემკვიდრებინა. როდესაც სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, ვიცოდი, რომ ხატვასთან და თეორიულ საგნებთან ერთად ამ კონკრეტულ ფაკულტეტზე ვისწავლიდი პროგრამებს და ციფრულ სამყაროშიც შევძლებდი ჩემი უნარების განვითარებას.
სამხატვრო აკადემიის მერე კიდევ გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში. ძალიან მომეწონა, კიდევ უფრო განვავითარე საკუთარი თავი. ტექნიკური ნაწილის გარდა ასწავლიან თეორიას, რომელიც ეხმარება ადამიანს ფანტაზიის განვითარებაში, გემოვნების დახვეწაში. ამ პროფესიაში ვინც არის, ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ეს ორი რამ ტექნიკურ ნაწილთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამის შემდეგ უფრო გამიმარტივდა დამკვეთებთან ურთიერთობა.
აკადემიაში გავიარე Motion Design-ის კურსი. ძალიან მინდოდა, რომ ჩემი გაკეთებული ილუსტრაციები და ნამუშევრები გამეანიმაციებინა. ეს ორი პროფესია ერთმანეთთან მეგობრობენ და ვიფიქრე, რომ თუ ორივე მეცოდინებოდა კარიერული წინსვლის უფრო მეტი შესაძლებლობაც მექნებოდა.
მნიშვნელოვანი უნარები, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე იყოს ის, რომ რთულ და მძიმე პერიოდში და სიტუაციებში მუშაობა ვისწავლე, უფრო დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა და მონდომება გამიჩნდა.
ახლა ჩვენს ქვეყანაში რთული პერიოდია და ყველა ადამიანისთვის (ვინც ამ პროცესებშია ჩართული) რთულია კონცენტრაცია სამსახურზე, სწავლაზე და ნებისმიერ სხვა რამეზე. ვცდილობდი, რომ არ გავჩერებულიყავი და ამ პროცესებთან ერთად მაინც მესწავლა და განვვითარებულიყავი. უფრო დიდი მოტივაცია მქონდა და გამომივიდა. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და როგორც ეს პროფესია, ასევე სხვა პროფესიებიც კიდევ უფრო განვითარდება და სწავლის თუ მუშაობის მოტივაციაც გაგვეზრდება.
ჩემი ლექტორი, ნიკოლოზი ძალიან მარტივად და გასაგებად გვიხსნიდა პროგრამას. მისი ყველა შენიშვნა და რჩევა სასარგებლო იყო ჩემთვის და სამომავლოდ პრაქტიკაში ძალიან გამომადგება. მადლობა მას!
დამწყებ დიზაინერებს ვურჩევდი, რომ არ გაჩერდნენ იმიტომ, რომ ციფრული სამყარო და კონკრეტულად ეს პროფესია ამოუწურავია. ყველამ იცის, რომ კომპიუტერულ პროგრამებს დიდი პრაქტიკა, დროის დათმობა და ყოველდღიური მუშაობა სჭირდება, მაგრამ ადამიანს შეუძლია მუდამ ისწავლოს და განვითარდეს, შეიძინოს უფრო და უფრო მეტი უნარი, დაიხვეწოს და უფრო მაგარი ხარისხის პროდუქტი შექმნას. დასაწყისში ყველაფერი სხვანაირად არის, ცოდნა და გამოცდილებაც პრაქტიკასთან ერთად მოდის, ამიტომ არასოდეს დანებდნენ. ამას მაშინ მიხვდებიან, როდესაც ძველ ნამუშევრებს ნახავენ და იგრძნობენ დიდ წინსვლასა და განსხვავებას.
ფინალური ნამუშევრისთვის მინდოდა, რომ ანიმაციური სივი გამეკეთებინა და ვეცადე, რომ ყველა ტექნიკური მხარე გამომეყენებინა ნამუშევარში, რაც ლექციების დროს ამიხსნეს და ვისწავლე.