fbpx
ვიდეო მონტაჟის კურსი

ჩვენი სტუდენტის ეთო ბიჭიკაშვილის ფინალური პროექტი

თარიღი: 8 February, 2024

ეთო ბიჭიკაშვილი ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული კურდსამთავრებულია. მან ვიდეო მონტაჟის  კურსი გაიარა და 10 ვორქშოპის შემდეგ შექმნა ვიდეო რგოლი, რომელიც გვიყვება, საიდან მოდის თაობათა დიფერენციაციის თეორია, რით განსხვავდებიან სხვადასხვა თაობები ერთმანეთისგან და უფრო კონკრეტულად ვინ არის ჯენ ზი.

ამჟამად კრეატიულ სფეროში ვმუშაობ, კერძოდ მარკეტინგისა და ბრენდინგის მიმართულებით. ასევე ციფრულ მარკეტინგში მუშაობის საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება მაქვს.

ვიდეო მონტაჟისადმი ინტერესი გამიჩნდა სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ვინაიდან აქტიური შეხება მქონდა სხვადასხვა ტიპის ვიზუალური მასალის დამუშავებასთან. ასევე ხშირად მიწევდა პროექტებისთვის ვიდეო გადაღებების დაგეგმვა, რამაც თავის მხრივ გამიღვივა ამ პროცესისადმი ინტერესი. გარდა ამისა, ვფიქრობ, დღესდღეობით კრეატიულ სამყაროში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი უნარ-ჩვევისა და ცოდნის ფლობა, ამიტომ გადავწყვიტე, საკუთარი თავის განვითარების მიზნით შემესწავლა ვიდეო მონტაჟი.

რამდენიმე წლის წინ ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსიც მქონდა გავლილი და საკმაოდ კმაყოფილი ვიყავი პროცესითა და ლექტორით. ამ ყველაფერმა აკადემიისადმი, როგორც ხარისხზე ორიენტირებული სასწავლო დაწესებულებისადმი, ნდობა გამიჩინა. შესაბამისად, როდესაც ვიდეო მონტაჟისადმი გამიჩნდა ინტერესი, ბევრი არ მიფიქრია იმაზე, თუ სად უნდა დამეწყო ამის შესწავლა.

მე გავიარე ვიდეო მონტაჟის კურსი, რომელიც გრაფიკული დიზაინისგან აბსოლუტურად განსხვავდებოდა. ფოტოშოპისა და ილუსტრატორის ინტერფეისი ასე თუ ისე მეცნობოდა, პრემიერ პრო კი სრულიად უცხო აღმოჩნდა ჩემთვის. ნულიდან მომიწია სწავლა და თავიდან თითქოს დაბნეულადაც ვგრძნობდი თავს, მაგრამ მენტორის დახმარებით ვფიქრობ, საკმაოდ მოკლე დროში განვიცადე პროგრესი.

ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც ამ კურსის გავლისას შევიძინე იყო უშუალოდ პრემიერ პროში მუშაობა და მისი ნულიდან ათვისება. ეს ყველაფერი სამსახურში და მის გარეთაც დამეხმარა. გარდა ამისა, საკმაოდ საინტერესო თეორიული მასალა გავიარეთ კურსის განმავლობაში და ვიდეო სცენარის დეტალური გაწერაც კი ვისწავლე, რაც ჩემს პროფესიულ საქმიანობაში ძალიან მადგება. ბოლოს კი ისაა, რომ დისციპლინისა და ორგანიზებულობის მნიშვნელობა კიდევ უფრო მძაფრად აღვიქვი კურსის განმავლობაში, რამაც ასევე საინტერესო წვლილი შეიტანა, როგორც ყოველდღიურ, ასევე პროფესიულ ნაწილში.

როგორც აღვნიშნე, იქიდან გამომდინარე რომ ამ დრომდე საერთოდ არ მქონია შეხება პრემიერ პროსთან, თავდაპირველად რთულად მომეჩვენა ახსნილი მასალა, თუმცა მენტორის დახმარებით დროთა განმავლობაში პროცესი გამიმარტივდა და საკმაოდ საინტერესო პროექტების შესრულება შევძელი. მენტორი დეტალურად ხსნიდა ყველაფერს, რამდენჯერმე იმეორებდა იმ საკითხს, რომელიც ვინმესთვის გაუგებარი იყო და ყოველთვის მოგვიწოდებდა კითხვების დასმისკენ. გარდა ტექნიკური დეტალებისა, ძალიან ბევრ თეორიულ მასალას გვიზიარებდა, პრაქტიკაში მემონტაჟის საქმიანობის რეალური მაგალითებიც მოჰყავდა და რაც მთავარია, მაქსიმალურად იხარჯებოდა ლექციების მიმდინარეობისას. მისგან საკმაოდ ბევრი ცოდნა მივიღე და ფაქტობრივად უმოკლეს ვადებში ავითვისე ჩემთვის ოდესღაც სრულიად უცნობი პლატფორმა.

არასდროს არ შეგრცხვეთ კითხვების დასმის, რადგან სწორედ ეს შეგაფერხებთ განვითარებასა და სწავლაში. უმჯობესია, თავიდანვე ნათელი მოჰფინოთ თქვენთვის ბუნდოვან საკითხს, რათა მომავალში უკვე პრაქტიკულ სიტუაციაში სრულყოფილი ცოდნითა და თავდაჯერებულობით მიუდგეთ ამავე საკითხს.

ფინალური ნაშრომისთვის უნდა შეგვექმნა ვიდეო რგოლი ნებისმიერ თემაზე, რომელშიც უნდა ჩაგვექსოვა მთელი ის ცოდნა, რომელიც კურსის განმავლობაში მივიღეთ. მთავარი რჩევა, რაც მენტორისგან მივიღეთ და მე პირადად სწორედ ეს დამეხმარა თემის შერჩევაში იყო ის, რომ დაგვეწყო მუშაობა ისეთ თემაზე, რომელიც ჩვენვე დაგვაინტერესებდა. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე თაობების მიხედვით სეგმენტირების საკითხი არაა უცხო. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც სოციალურ ქსელებში საკმაოდ ბევრი მასალა მხვდებოდა ჯენზისა და სხვა თაობების შესახებ, ამიტომ გადავწყვიტე გამეკეთებინა მოკლე ვიდეო, რომელიც დაახასიათებდა ამ თაობებს ცოტა უფრო სოციალურ-კულტურულ, ისტორიულ ასპექტში. მინდოდა მეჩვენებინა, ზოგადად საიდან მოდის ეს თაობათა დიფერენციაციის თეორია, რით განსხვავდებიან ეს თაობები ერთმანეთისგან და უფრო კონკრეტულად ვინ არის ჯენ ზი. ვიდეოს სტილიც თემისა და აუდიტორიის შესაბამისი მინდოდა ყოფილიყო, რისთვისაც ერთ-ერთი, რაც გავაკეთე ნარატორის ხმის AI-ით ჩანაცვლება იყო, რაც საკმაოდ საინტერესო სვლა აღმოჩნდა. საბოლოო ნაშრომიც ისეთი გამოვიდა, როგორიც წარმომედგინა და ჩემი, როგორც დამწყები ვიდეო მემონტაჟის შესაძლებლობებში შედიოდა. თავად საბოლოო პროექტზე მუშაობის პროცესი კი ძალიან სახალისო აღმოჩნდა და კმაყოფილი ვარ იმ შედეგით, რაც ამ მოკლე ხანში მივიღე.

ეთოს ფინალური პროექტი