ჩვენი სტუდენტის – დავით მახათაძის ფინალური პროექტი
თარიღი: 17 January, 2023
,,პირველ რიგში შევიძინე პროფესიული ტექნიკური უნარები საკმაოდ მაღალ დონეზე და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტად განმივითარდა შემოქმედებითი აზროვნების უნარი.“
დღეს დავით მახათაძე მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ.
-თქვენ შესახებ რომ მოგვიყვეთ..
დავით მახათაძე, 25 წლის, პროფესიით იურისტი. მაგისტრატურაზე ჩაბარების შემდეგ თბილისის მერიაში იურისტად ვმუშაობდი, თუმცა ვფიქრობდი, რომ ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილების დრო იყო. გადავწყვიტე პროფესიის შეცვლა და უფრო მეტად შემოქმედებითი საქმიანობით დაკავება. ასე დაიწყო ყველაფერი.
-როდის გაგიჩნდა ინტერესი ამ სფეროსადმი?
ბავშვობიდან ვხატავ და ხელოვნების ეს დარგი განსაკუთრებით მიყვარს. ბოლო პერიოდში ციფრული სამყარო უფრო და უფრო მჭიდროდ შემოვიდა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და გრაფიკული დიზაინითაც საკმაოდ დიდი ხნის წინ დავინტერესდი. ეს არის სფერო, რომელიც პრაქტიკულად ამოუწურავია და სწორედ ამიტომაც გამოიწვია ჩემში განსაკუთრებული ინტერესი.
-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?
ვთვლი, რომ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი აკადემიაა ამ მიმართულებით (თუ ყველაზე პირველი არა). სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ციფრული ინდუსტრიის აკადემიის არჩევა და მოლოდინებიც სრულიად გამართლდა.
-რომელი კურსი გაიარეთ და როგორია თქვენი შთაბეჭდილება?
გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი და მალე დავიწყებ UI&UX დიზაინის კურსსაც. გავლილი კურსის შთაბეჭდილებებს რაც შეეხება, ძალიან კმაყოფილი ვარ, როგორც კურსის მსვლელობით ისე, კურსის შედეგით. ყოველი შეხვედრა იყო რაღაც ახალი აღმოჩენებით სავსე, მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესო.
-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინეთ..
პირველ რიგში შევიძინე პროფესიული ტექნიკური უნარები საკმაოდ მაღალ დონეზე და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტად განმივითარდა შემოქმედებითი აზროვნების უნარი.
-მენტორი..
მეგი ონიანი, არაჩვეულებრივი ადამიანი, თავისი საქმის პროფესიონალი და ძალიან კარგი მენტორი, რომელიც დამეხმარა არა მხოლოდ ტექნიკური უნარების ათვისებაში, არამედ, კრეატიული აზროვნების უნარის გაუმჯობესებაში. ყურადღებას აქცევდა ყველა მცირედ დეტალს და მუდმივ რეჟიმში მზად არის, გასცეს პასუხი ნებისმიერ კითხვაზე და დაეხმაროს ყველა სტუდენტს.
-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..
დამწყებ დიზაინერებს პირველ რიგში ვურჩევდი, რომ არასოდეს გაჩერდნენ, მუდმივად ეძებონ განვითარება, იმუშაონ საკუთარ თავზე და ბოლომდე მიენდონ პროცესს.
იმ შემთხვევაში, თუ პირველ ცდაზე რაიმე არ გამოგივათ, არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ და სცადეთ კიდევ ერთხელ. საკმარისი მონდომების შემთხვევაში წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.
-რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?
როდესაც ფინალურ პროექტზე დავიწყე ფიქრი მქონდა რამდენიმე იდეა. შემექმნა ლოგო რაიმე წარმოსახვითი კომპანიისთვის და მეჩვენებინა ამ ბრენდის იდენტობა, მაგრამ შემდეგ ჰოლივუდური ფილმების პოსტერების გაკეთება მომივიდა თავში აზრად.
იქიდან გამომდინარე, რომ ფილმები ძალიან მიყვარს, პროცესი კიდევ უფრო საინტერესო გახდა, მაგრამ მაინც რაღაც დეტალი აკლდა ამ ყველაფერს. ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე მომივიდა იდეა ჰოლივუდური ფილმების ნაცვლად ძველ ქართულ ფილმებზე გამეკეთებინა პოსტერები, შემექმნა რაღაც ახალი, რაც აქამდე არ მქონდა ნანახი და დასამახსოვრებელი. საბოლოო ჯამში ასეც მოხდა.