ჩვენი სტუდენტის – ანი ტყეშელიაძის ფინალური პროექტი
თარიღი: 2 May, 2023
მე ვარ ანი ტყეშელიაძე, 22 წლის, ფოტოგრაფი და ბრენდ “ვამანი მემას” თანადამფუძნებელი. ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული ისტორიით და ხელოვნებით, რის გამოც დავასრულე არქეოლოგიის ფაკულტეტი. პარალელურად, პროფესიულ სასწავლებელში გავდიოდი მოდის დიზაინის კურსს.
ერთ-ერთ პროექტზე მუშაობის პროცესში გამიჩნდა სურვილი ჩემი ნამუშევრები თავადვე გამეფორმებინა საჭირო თულების მეშვეობით, თუმცა სწავლების პროცესში აღმოვაჩინე, რომ გრაფიკული დიზაინის მიმართ წლებია მაქვს ინტერესი.
ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციის მიუხედავად, ჩემი აზრით, ციფრული ინდუსტრიის აკადემია საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ვთვლი, რომ დახვეწილობითა და ორგანიზებულობით გამოირჩევა.
გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი და ვფიქრობ რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როცა კურსის ანონსს გულგრილად არ ჩავუარე.
მეტად ვაკვირდები დეტალებს ვიდრე კურსის გავლამდე, რაც ფოტოგრაფიაშიც ძალიან მეხმარება.
ჩემი მენტორი იყო თიკო თაბუაშვილი, რომელიც მთელი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა საქმეს, არ ზოგავდა ენერგიას, დეტალურად, ნაბიჯ-ნაბიჯ და გარკვევით გვიზიარებდა საკუთარ ცოდნას.
ამ სფეროში დასაქმების მსურველებს იგივე შემიძლია ვურჩიო, რასაც საკუთარ თავს ვურჩევ: იმისთვის, რომ შრომამ შედეგი გამოიღოს, დროა საჭირო. თუ პირველ ცდაზე რაღაც არ გამოვა, არ ნიშნავს რომ მიზნის მიღწევა შეუძლებელია. პროცესში მოთმინების უნარი წარმატების ერთ-ერთი თანმდევი გასაღებია.
ჩემი პროექტის შთაგონების წყარო ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაა. მინდოდა მიზანი ყველასთვის ნათელი ყოფილიყო, ამიტომ გადავწყვიტე ყველა დეტალი გამეთვალისწინებინა:
თავდაპირველად მოვიფიქრე კომპანიის სახელი “GRÜN” , რომელიც გერმანული სიტყვაა და ქართულად მწვანე ფერს ნიშნავს. იმისთვის, რომ თვალში მოსახვედრი ყოფილიყო, ლოგოს შექმნის პროცესში გადავწყვიტე ყვითელი ფერი ამერჩია და ფონტისთვის უხეში ნაკვთები გამომეკვეთა. შემდეგი ეტაპი იყო ფოტოები, რომლებიც სპეციალურად ფინალური პროექტისთვის გადავიღე, თან დავურთე პოსტერები სამოტივაციო ტექსტებით.