ჩვენი სტუდენტის – ანა ხარშილაძის ნამუშევრები
თარიღი: 1 November, 2022
,,ქართული ქორეოგრაფია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნაწილია, რომელშიც საინტერესოდაა გამოხატული ქართული ჩვეულება, ხასიათი, ღირებულებები და დამოკიდებულებები. ყოველი ცეკვა რაღაც ამბავს ჰყვება, თავის განსაკუთრებულ ხასიათს ატარებს.”
გიზიარებთ ჩვენი სტუდენტის, ანა ხარშილაძის ფინალურ პროექტს:
-მე ვარ..
გამარჯობა! მე ვარ ანა ხარშილაძე, 23 წლის. პროფესიით იურისტი, თუმცა ბავშვობიდან მქონდა ხელოვნებისადმი უდიდესი ინტერესი და ჩემი თავისუფალი დროის დიდი ნაწილი მუდამ ხატვას, მუსიკასა და კიდევ სხვა მრავალ შემოქმედებით სფეროს ეთმობოდა.
ამჟამად საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი კულტურული დაწესებულების – ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი ვარ. ვცდილობ, ჩემი საქმიანობა მუდამ გავამრავალფეროვნო, მასში ყველა ის სფერო მოვაქციო, რომელიც ენთუზიაზმით მავსებს, ჩემი შემოქმედებითი უნარების გამოვლენისა და განვითარების საშუალებას მაძლევს.
-როდის გაგიჩნდა ინტერესი ამ სფეროსადმი?
როგორც უკვე ვახსენე, ყოველთვის მაინტერესებდა ხელოვნება და ხშირად ვხატავდი. კონკრეტულად გრაფიკული დიზაინით ბოლო წლებში დავინტერესდი, როცა ძირითადად გართობის მიზნითა და მეგობრების თხოვნით დავიწყე ილუსტრაციებისა და „ავატარების“ შექმნა.
-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?
სოციალურ ქსელში წავაწყდი ერთ-ერთი მასტერკლასის შესახებ ინფორმაციას, რომელმაც აკადემიით დამაინტერესა. მასტერკლასზე დასწრების შემდეგ საინტერესო შემოთავაზებით დამიკავშირდნენ, რის შემდეგაც კურსის გავლა გადავწყვიტე.
-რომელი კურსი გაიარეთ და როგორია თქვენი შთაბეჭდილება?
მე გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი, რომლითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, დამწყები დიზაინერებისათვის ან, უბრალოდ, მათთვის, ვისაც საბაზისო, ზოგად დონეზე აინტერესებთ გრაფიკული დიზაინი, ეს კურსი იდეალურია.
-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინეთ..
უნარი იმდენად არა, რამდენადაც საკუთარი თავის მოტივირება, რომ საკუთარ შთაგონებას საბოლოოდ ხორცი შევასხა და კონკრეტული დროის ჩარჩოში შევქმნა პროდუქტი, რომელიც (პოტენციური) კლიენტის ინტერესებს შეესაბამება.
-მენტორი..
ჩემი მენტორი მარიამ ნადირაძე იყო. მიუხედავად იმისა, რომ კურსი დისტანციურად გავიარე და მარიამთან პირისპირ შეხება არ მქონია, უნდა აღვნიშნო, რომ ის ძალიან სასიამოვნო ადამიანია. მარიამს არაჩვეულებრივად ესმის თავისი სფერო და სხვებსაც მუდამ კომპეტენტურ პასუხებს აძლევს. მასთან ურთიერთობამ კურსის გავლა ერთიორად კომფორტული გახადა, რასაც ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..
წარმატების მიღწევაში დიდ როლს თამაშობს დისციპლინა, მაშინაც კი, როცა თავისუფლად მომუშავე („ფრილანსერი“) დიზაინერი ხარ. ყველას ვურჩევდი, არა მხოლოდ განავითარონ თავიანთი შემოქმედებითი უნარები, არამედ დიდი ყურადღება დაუთმონ თვით დისციპლინაზე მუშაობას.
-რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?
ქართული ქორეოგრაფია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნაწილია, რომელშიც საინტერესოდაა გამოხატული ქართული ჩვეულება, ხასიათი, ღირებულებები და დამოკიდებულებები. ყოველი ცეკვა რაღაც ამბავს ჰყვება, თავის განსაკუთრებულ ხასიათს ატარებს.
მინდა, რომ ქართული ცეკვის სიმბოლიკის შესახებ ბევრმა იცოდეს. ჩემს უცხოელ მეგობრებთანაც ყოველთვის ძალაუნებურად ქართული ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაციას ვცდილობ. თავდაპირველადაც სწორედ მათ მომიწონეს იდეა.