ჩვენი სტუდენტის ანა ელიავას ფინალური პროექტი
თარიღი: 3 February, 2025
ანა ელიავა ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. მან ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ინტერიერის დიზაინისა და ინტერიერის 3D ვიზუალიზაციის კურსები გაიარა და ფინალური პროექტისთვის მინიმილისტური სტილის დიზაინი შექმნა.
გამარჯობა, მე ვარ ანა ელიავა. დავამთავრე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა.
მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით იურისტი ვარ, ხელოვნების სფეროსადმი ინტერესი ყოველთვის გამაჩნდა. ხუთი წლის ასაკში დამოუკიდებლად ვისწავლე ხატვა. მოგვიანებით კი ძალიან შემიყვარდა ფოტოგრაფიაც და დამაინტერესა ინტერიერის დიზაინმა. მუდმივად ვადევნებდი თვალს სხვადასხვა პროექტს და ვეცნობოდი ისტორიასა და სიახლეებს, მათ შორის, სხვადასხვა არქიტექტორებისა და დიზაინერების შესახებ.
უნივერსიტეტის დამთავრებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ გადავწყვიტე, შემესწავლა ინტერიერის დიზაინი. გავიკითხე და ონლაინ მოვიძიე ყველა დაწესებულება, სადაც შეიძლებოდა გამეარა ინტერიერის დიზაინის შემსწავლელი კურსი და არჩევანი გავაკეთე ციფრული ინდუსტრიის აკადემიის სასარგებლოდ, ვინაიდან შემოთავაზებული პროგრამა და პირობები ჩემთვის ყველაზე მისაღები იყო და მიხარია, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში დამხვდა ძალიან მეგობრული გარემო, რაც სწავლის პროცესს გაცილებით ამარტივებდა და ხელს უწყობდა. გავიარე ინტერიერის დიზაინისა და ინტერიერის 3D ვიზუალიზაციის კურსები და შევისწავლე Archicad-ისა და 3ds Max-ის პროგრამები.
კურსის მეშვეობით ვისწავლე სივრცის დაგეგმარება, ავეჯის სწორი განაწილება, განათებების დაყენება და უმოკლეს დროში შევძელი, შემექმნა ინტერიერის სრულფასოვანი 3D ვიზუალიზაცია.
ინტერიერის 3D ვიზუალიზაციის კურსზე ჩემი ლექტორი იყო სოფიო მამარდაშვილი. ის განსაკუთრებული ყურადღებითა და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა სწავლების პროცესს, რამაც შედეგად, კიდევ უფრო მეტად გამიღრმავა ინტერესი აღნიშნული სფეროს მიმართ და სურვილი გამიჩინა, რომ საქმიანობა სწორედ ამ მიმართულებით განვაგრძო მომავალშიც.
ჩემსავით დამწყებ დიზაინერებს ვურჩევდი, რომ არ მოექცნენ ჩარჩოებში, მისცენ სრული თავისუფლება თავიანთ ფანტაზიას და არასდროს შეწყვიტონ სწავლა-განათლება, რადგან ეს სფერო მუდმივად განვითარებადი და საინტერესო სიახლეებითაა სავსე.
ჩემი ფინალური ნამუშევარი მინდოდა ყოფილიყო სადა და მინიმალისტური, სადაც მთავარ როლს საინტერესო ავეჯი შეასრულებდა. გარდა ამისა, მსურდა სივრცეში რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი სინათლე შემომეყვანა, რაც სიმყუდროვის განცდას შექმნიდა. ვფიქრობ, ჩემს მიზანს მივაღწიე და ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩემმა ნამუშევარმა ასეთი დიდი მოწონება დაიმსახურა.