გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულის ფინალური ნამუშევარი – ,,პატარა პრინცი”
თარიღი: 1 December, 2020
-მე ვარ..
გამარჯობა, მე ვარ თაკო ლომიძე, 25 წლის. დავამთავრე ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი. ამჟამად ვარ თვითდასაქმბული და მაქვს მცირე ბიზნესი.
-რატომ გრაფიკული დიზაინი?
ბავშვობიდან ხელოვნება მიზიდავს. მიყვარს, როდესაც რაიმე ახალს ვქმნი, ამით საკუთარ თავს სტიმულს ვაძლევ ვფიქრობ, რომ მე „აქ საჭირო“ ვარ. ბუნება ყველაზე დიდი შემოქმედია ამიტომ ყოველთვის ვცდილობდი მისი სილამაზის აღბეჭდვას, გადახატვას ან ჩემი წარმოსახვით გადმოტანას.
დღეს ციფრული ხელოვნება პოპულარობით სარგებლობს და დიდი ხანია მინდოდა ამ პროფესიას დავუფლებოდი, რადგან ჩემი ხედვა შეუზღუდავად გადმომეტანა ციფრულად, ამ ყველაფრის სწავლას კი 3 თვიანმა ლოკდაუნმა შეუწყო ხელი.
-ჩემი ინტერესი ამ სფეროსადმი?
XXI საუკუნე თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. ეს არის დრო, როცა ჩვენი ცხოვრება დაკავშირებულია ციფრულ ტექნოლოგიებთან, სოციალურ ქსელებთან. იგი ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, ნებისმიერი საქმე გააკეთოს უფრო სწრაფად და მარტივად, დახვეწოს შემოქმედებითობა და მუდმივად სიახლეების ძიებაში იყოს ჩართული.
დღევანდელ სამყაროში, ნებისმიერი საქმიანობის სფერო: განათლება, ბიზნესი, უკვე ადამიანური ურთიერთობებიც, ყველაფერი ტექნოლოგიებზე გადის, ამიტომ ფეხი უნდა ავუწყოთ ახალ გამოწვევებს.
-შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ..
ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში პრაქტიკული უნარების შესწავლასთან ერთად მივიღე თეორიული ცოდნაც. გავეცანი გრაფიკული დიზაინის განვითარების ეტაპებს, თუ რა მანძილი განვლო უხსოვარი დროიდან დღემდე და რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს პატარა დეტალსაც კი.
-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე…
აქამდე სხვა თვალით არასდროს ვუყურებდი სარეკლამო ბანერებს, ლოგოებს, განლაგების სტრუქტურას. დღეს ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან სოციალურ ქსელში განთავსებულ გრაფიკებს სულ სხვა თვალით ვუყურებ, უფრო მეტად გავხდი დეტალებზე ორიენტირებული და ყურადღებიანი.
-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?
ციფრული ინდუსტრიის აკადემიის შესახებ სოციალური მედიის საშუალებით გავიგე. პანდემიის დროს ხშირად ვესწრებოდი ვებინარებს, მივიღე ბევრი საჭირო ინფორმაცია და რჩევა. ონლაინ გაკვეთილების ცოტა მეშინოდა, თუმცა ამას ჩემთვის დისკომფორტი არ შეუქმნია, რადგან ყოველთვის გვქონდა წვდომა დავალებებსა და ჩაწერილ ვიდეოებზე.
-ლექტორი..
მიაკო ნადირაძე ძალიან მეგობრული, დაუზარელი და ყურადღებიანი ლექტორია. ახალ მასალას ყოველთვის მონდომებით და საინტერესოდ გვიხსნიდა. რაც შეეხება ჩვენ მიერ შესრულებულ დავალებებს, იგი დეტალურად სათითაოდ განიხილავდა, მიგვითითებდა შეცდომებზე და სწორ რჩევებს გვაძლევდა. მადლობა მას ამ გულისხმიერებისთვის.
-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..
საკუთარ თავზე უწყვეტად თუ არ ვიმუშავებთ არაფერი გამოვა. დღესაც სულ ახლის ძიებაში ვარ და სწავლის პროცესში, რადგან სწავლა დაუსრულებელი პროცესია, სიახლეებს ვერსად გავექცევით და გამუდმებით უნდა ვვითარდებოდეთ. ამიტომ ყოველთვის იმუშავეთ საკუთარ თავზე.
-ფინალური ნამუშევრის ინსპირაციის წყარო?
ჩემი ნამუშევრის ინსპირაციის წყარო იყო ანტუან დე სენტ ეგზიუპერის „პატარა პრინცი“. ეს წიგნი ყველა დროის უსაყვარლესი ბესტსელერია. ამ ნაწარმოებში მოქცეულია ავტორის თავს გადამხდარი ამბავი, რომელიც გულისამაჩუყებლად მოგვითხრობს მეგობრობაზე, სიყვარულზე, მარტოობაზე. ამ ნაწარმოებზე ცოტა სუბიექტური დამოკიდებულებაც მაკავშირებს, რამაც გადამაწყვეტინა მისი ილუსტრირება. ვფიქრობ, ეს წიგნი ყველა ბავშვის სამაგიდო წიგნად უნდა იქცეს.