fbpx
მოუშენ დიზაინი

ჩვენი კურსდამთავრებული GeoLab-ის კრეათონის გამარჯვებული გახდა

თარიღი: 16 November, 2020

ციფრული ინდუსტრიის აკადემიის კურსდამთავრებული GeoLab-ის დისტანციური კრეათონის გამარჯვებული გახდა. ნიკა ხუციშვილმა აკადემიაში მოუშენ დიზაინის კურსი დაამთავრა, კურსის მიმდინარეობისას მან კონკურსი აღმოაჩინა კრეათონის სახით, რომლის მიზანიც იყო ფერმერებისთვის დაწერილ სახელმძღვანელოს მიმართ მომხმარებლის ინტერესის გამოწვევა.

,,ძალიან მოტივირებული ვიყავი, ამიტომ პირველივე დღეს ჩავყარე ყველა საჭირო რესურსი After Effect-ში და დავიწყე ანიმაციაზე მუშაობა.”

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში…

შემთხვევითობის არასდროს მჯეროდა სანამ თქვენი რეკლამა შემთხვევით არ შემხვდა სოციალურ ქსელში. მივხვდი, რომ კარგი შესაძლებლობა იქნებოდა ჩემი განვითარებისთვის და იმ ცოდნის გაღრმავებისთვის, რომლის დაგროვებისთვისაც ძალიან ბევრი ვიშრომე და ახლაც ვშრომობ.

ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე გამომეგზავნა ჩემი სამოტივაციო წერილი, სადაც ვფიქრობ, ზუსტად გადმოვეცი ჩემი მოტივაციისა და სურვილების შესახებ, დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ მოუშენ დიზაინის კურსს გავივლიდი უფასოდ. ეს კიდევ ახალი მოტივაცია, წინ გადადგმული ნაბიჯი და წინსვლისთვის კიდევ ერთი შანსი იყო. რთულია სიტყვებში ჩაატიო რეალურად რას ვგრძნობდი იმ მომენტში. ვიცოდი რომ ეს ყველაფერი კიდევ სხვა შესაძლებლობებსაც მომცემდა ცხოვრებაში.

მოუშენ დიზაინის კურსის შესახებ..

ნამდვილად დასაფასებელია ჩემი ლექტორის, ოთო ხოხიაშვილის შრომა. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ უკვე დამიგროვდა გარკვეული ცოდნა და დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ როგორ გამომეყენებინა ეს ცოდნა პრაქტიკაში. კურსი ჯერ არ იყო დამთავრებული, როდესაც გავიგე კრეათონის შესახებ. მაშინვე გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება, ვინაიდან მინდოდა ჩემი ცოდნით რაღაც შემექმნა.

კრეათონის მიზანი იყო ფერმერებისთვის დაწერილ სახელმძღვანელოს მიმართ ინტერესის გამოწვევა. ძალიან მოტივირებული ვიყავი, ამიტომ პირველივე დღეს ჩავყარე ყველა საჭირო რესურსი After effect-ში და დავიწყე ანიმაციაზე მუშაობა.

სამუშაო პროცესი…

ის, რომ ჩემი ცოდნით ანიმაციას ვქმნიდი ჩემი ბავშვობის დაბრუნებას ჰგავდა. თამამად შემიძლია ვთქვა რომ რამოდენიმე დღე ამ პროექტით ვიცხოვრე. ყოველი წუთი ვფიქრობდი რა უფრო უკეთესი იქნებოდა, როგორი ფერები მოუხდებოდა და სხვა. ვფიქრობ რომ სწორედ დეტალების შემჩნევას მივყავართ იდიალურობამდე.

ნამუშევრის გაგზავნიდან ერთ კვირაში დამიკავშირდნენ და მითხრეს რომ პირველი ადგილი დავიკავე, განა შეიძლება სიტყვებში ჩავატიო ჩემი გრძნობები? კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, ნებისმიერი გამოწვევა შეგვიძლია ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ და ვისწავლოთ, როგორ შევძლოთ ჩვენი შესაძლებლობების და რესურსების ერთმანეთთან შერწყმა.

სამომავლოდ ძალიან ბევრი კუთხით მინდა განვითარება და რადგან არ ვიცოდი 2 წლის წინ რომ ახლა ეს ცოდნა მექნებოდა, დღეს არც იმის თქმა შემიძლია 2 წლის შემდეგ რა იქნება. მივყვები ყველა შესაძლებლობას და მაქსიმალურად გამოვიყენებ მათ.