fbpx
IPM 2024

ჩვენი კურსდამთავრებული და IPM-ის ორგანიზატორი – სოფიო ჯაფარიძე

თარიღი: 4 November, 2024

7 ნოემბერს, 17:00 საათზე ქორთიარდ მარიოტში IPM 2024 ანუ International Project Management Day 2024 ჩატარდება, რომელსაც წელს ციფრული ინდუსტრიის აკადემია უჭერს მხარს. ეს ღონისძიება იქნება ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია პროექტის მენეჯმენტით და უნდა, მეტი გაიგოს ამ მოთხოვნად პროფესიაზე. სტუმრებს IPM საინტერესო სპიკერებსა და აქტუალურ თემებს ჰპირდება.

ამ ბლოგში IPM-ის ერთ-ერთ ორგანიზატორს და თან ციფრული ინდუსტრიის აკადემიის კურსდამთავრებულ – სოფიო ჯაფარიძეს უნდა გავესაუბროთ.  

  • მოგვიყევი შენს შესახებ; რას საქმიანობ? 

მე ვარ სოფიო ჯაფარიძე, მოხალისე პროექტის მენეჯერი PMI Tbilisi, Georgia Chapter-ში.  მუდმივად ვეძებ ახალ ცოდნას. ეს შესაძლოა იყოს სასერტიფიკატო კურსი თუ პრაქტიკული გამოცდილება. ამჟამად ვიყენებ ჩემს უნარებს სატელეკომუნიკაციო კომპანიაში, სადაც ვამუშავებ ისეთ მასალებს, რომლებიც საჭიროებენ ტექნიკური გაგებისა და სტრატეგიული დაგეგმვის ბალანსს. PMI-სთან მოხალისეობამ მომცა საშუალება დავკავშირებოდი სხვა პროექტის მენეჯერებს და გამეზიარებინა ამ საზოგადოებისთვის ის, რაც ვისწავლე ჩემი ცხოვრების მანძილზე. მივისწრაფვი იმისკენ, რომ დღითიდღე წინ ვიყო განვითარებადი პროექტის მენეჯმენტის სამყაროში, ვისწავლო ყოველი პროექტის, კურსისა ან კავშირისგან. მე ვხედავ თითოეულ გამოცდილებას, როგორც ზრდის შესაძლებლობას. 

  • საიდან მოხვდი ამ სფეროში, რა გზა გამოიარე?

გავიარე ციფრული პროექტების მენეჯმენტის კურსი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში. ამან მტკიცე საფუძველი ჩაუყარა ჩემს შემდგომ განვითარებას პროექტებში. სწორედ იქ გავიცანი სოფიო ლეჟავა, ჩემი ლექტორი, რომლის ხელმძღვანელობამ შთამაგონა, უფრო ღრმად ჩავძირულიყავი ამ სფეროში. სოფიომ დაინახა ჩემი ენთუზიაზმი და მიმიწვია PMI Georgia-ში, როგორც მოხალისე პროექტის მენეჯერი. აქ დამხვდა ძალიან კარგი გუნდი, რომლის წევრების მთავარი მამოძრავებელი ურთიერთდახმარება და განვითარებაა. მოხალისეობა გახდა ისეთი რამ, რაც ყოველდღე უდიდეს საშუალებას მაძლევს გავიზარდო, როგორც პროფესიულად, ასევე – პიროვნულად. 

  • რომ აუხსნა მკითხველს – რა არის ეს პროექტი და რა მიზანს ემსახურება? 

პროექტის მენეჯმენტის საერთაშორისო დღე (IPM Day) არის ყოველწლიური გლობალური ღონისძიება, რომელიც ეძღვნება პროექტის მენეჯმენტის მნიშვნელოვნების აღნიშვნას, თანამშრომლობის ხელშეწყობასა და ინდუსტრიასთან დაკავშირებული ცოდნის გაღრმავების სურვილს. IPM Day 2024, რომელსაც მასპინძლობს PMI Georgia Chapter, იქნება ფართომასშტაბიანი ღონისძიება 2024 წლის 7 ნოემბერს, თბილისში. ღონისძიება თავს მოუყრის ინდუსტრიის ექსპერტებს, სტუდენტებსა და პროფესიონალებს, რათა გაიზიარონ ცოდნა და აღნიშნონ ყოველწლიური განვითარება პროექტის მენეჯმენტში. ღონისძიება მიზნად ისახავს პროექტების მართვის საუკეთესო პრაქტიკისა და თანამედროვე ტენდენციების პოპულარიზაციას, ცოდნის გაზიარებას, მონაწილეთა მრავალფეროვან ინტერაქციასა და საზეიმო აღნიშვნას. 

  • რა მოლოდინებია წლევანდელ ღონისძიებაზე? 

წელს ჩვენ ველოდებით დაახლოებით 150-დან 200-მდე დამსწრეს სხვადასხვა სფეროდან, რომელთაგან ყველა იზიარებს ინტერესს პროექტის მენეჯმენტისადმი. ჩვენი მიზანია, მივცეთ მათ დაუვიწყარი გამოცდილება, სავსე პრაქტიკული ცოდნით, ინოვაციური იდეებითა და ნეთვორქინგის შესაძლებლობებით. პროექტის მენეჯმენტის დიდი საზოგადოების მხარდაჭერით, ჩვენ ველოდებით, რომ IPM Day 2024 იქნება ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება! 

  • ვის შეუძლია დასწრება? 

IPM Day 2024 ღიაა ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია პროექტის ეფექტური მართვით. იქნება ეს სტუდენტი, პროფესიონალი თუ გამოცდილი ექსპერტი. ჩვენ განსაკუთრებით მივესალმებით უნივერსიტეტის სტუდენტებს, რადგან ვთანამშრომლობთ ადგილობრივ უნივერსიტეტებთან. ღონისძიებაზე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ჰქონდათ პირდაპირი კომუნიკაცია და მიიღონ მათგან მათთვის სასურველი ინფორმაცია. ყველასთვის, ვისაც აინტერესებს უახლესი ტენდენციები, ინსტრუმენტები და საუკეთესო პრაქტიკა პროექტის მენეჯმენტში, ღონისძიება სასარგებლო იქნება.

მეტი ინფორმაცია IPM-ზე – https://www.facebook.com/events/1774123286453163/?acontext=%7B%22event_action_history%22%3A[]%7D 

ტეგები: