Academy logo
Academy logo
ბიოლოგიიდან ვებდიზაინერობამდე - მარიამ ქრისტესიაშვილის პროფესიული გზა

ბიოლოგიიდან ვებდიზაინერობამდე - მარიამ ქრისტესიაშვილის პროფესიული გზა

20 ნოე. 2026

როგორ შეიძლება სრულიად განსხვავებული სფეროს წარმომადგენელმა ახალი პროფესია აღმოაჩინოს? მარიამ ქრისტესიაშვილი 26 წლის ბიოლოგია, რომელსაც ვებდიზაინთან შეხება არასდროს ჰქონია. თუმცა ახალი გამოცდილების მიღების სურვილმა სრულიად განსხვავებული მიმართულებით წაიყვანა. დღეს ის ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ვებდიზაინის კურსდამთავრებულია და მიღებულ ცოდნას საკუთარი იდეების განვითარებისთვის იყენებს.


ყველაფერი ერთი რჩევით დაიწყო


მარიამი ვებდიზაინით მისმა ძმამ დააინტერესა. თავდაპირველად სფეროს დამოუკიდებლად, YouTube-ის ვიდეოების დახმარებით ეცნობოდა. უსმენდა დიზაინერების რეკომენდაციებს, სწავლობდა Figma-ს და თანდათან აღმოაჩინა, რომ ეს მიმართულება მისთვის სულ უფრო საინტერესო ხდებოდა. „რაც დრო გადიოდა, მით უფრო მეტად მიღრმავდებოდა სურვილი, რომ ეს სფერო სერიოზულად შემესწავლა.“ ინტერესის ზრდასთან ერთად, დაიწყო სივრცის ძიება, სადაც ცოდნას გაიღრმავებდა, ეყოლებოდა პროფესიონალი მენტორი და ექნებოდა სტრუქტურირებული სასწავლო პროგრამა.


აკადემიის არჩევიდან სტიპენდიამდე


მარიამმა სასურველი აკადემიის ძიებას დიდი დრო დაუთმო. გაეცნო სტუდენტების შეფასებებს, უყურა ვიდეოებს, წაიკითხა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტები, რეკომენდაციები. საბოლოოდ არჩევანი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაზე შეაჩერა.

სწორედ ამ პერიოდში საქართველოს ბანკის სტიპენდიის კონკურსის შესახებაც შეიტყო. დაწერა სამოტივაციო წერილი, მიუთითა სასურველი კურსი და აკადემია და დაფინანსების მოპოვებაც შეძლო. ასე დაიწყო მარიამის ახალი პროფესიული გამოცდილება.


როცა სწავლის პროცესი სიამოვნებას განიჭებს


მარიამის თქმით, ვებდიზაინის კურსმა მის მოლოდინებს გადააჭარბა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმის გააზრება, რამდენად დიდ როლს თამაშობს დიზაინის შექმნის პროცესში მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინება.

კურსის განმავლობაში მან Figma-ში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღო და ისწავლა, როგორ გარდაქმნას იდეა კონკრეტულ ციფრულ პროდუქტად. სწავლის პროცესში განსაკუთრებულად გამოარჩევს მენტორს, ნიკუშა ქვაცაბაიას.„ყველაფერს საინტერესოდ, გასაგებად და ამომწურავად ხსნიდა.” მარიამისთვის მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ თითოეულ დავალებაზე დეტალურ უკუკავშირს იღებდა. ეს ეხმარებოდა შეცდომების გააზრებასა და საკუთარი ნამუშევრების გაუმჯობესებაში.

თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ფინალურ პროექტზე მუშაობისას აღმოაჩინა. „მივხვდი, რომ სწავლა, დავალებების შესრულება და ტესტირებაც კი არ მსტრესავდა, პირიქით, სიამოვნებას მანიჭებდა. ზუსტად ეს იყო მთავარი მინიშნება, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.“


Caryo - აპლიკაცია ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობისთვის


მარიამის ფინალური პროექტი ჯანმრთელობის კონტროლს ეხება და იდეის გარშემო აერთიანებს ადამიანებსა და ცხოველებზე ზრუნვას. მან შექმნა აპლიკაციის კონცეფცია სახელწოდებით Caryo, რომლის იდეაც ადამიანებისა და შინაური ცხოველების ჯანმრთელობაზე ერთ სივრცეში ზრუნვაა. სახელწოდება თავად შეარჩია, დამოუკიდებლად იმუშავა აპლიკაციის ლოგოზეც.

„ადამიანების დახმარების იდეა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამავდროულად ცხოველები უზომოდ მიყვარს.“

კვლევის პროცესში მარიამმა შეამჩნია, რომ მის მიერ მოძიებული ჯანმრთელობის მართვის პლატფორმები ძირითადად ან ადამიანებზე იყო ორიენტირებული, ან ცხოველებზე. სწორედ ამან გაუჩინა სურვილი, ორი მიმართულება ერთ ციფრულ პროდუქტში გაეერთიანებინა. რაც უფრო უახლოვდებოდა პროექტი დასასრულს, მით მეტად რწმუნდებოდა, რომ ვებდიზაინით მისი დაინტერესება დროებითი არ იყო.


„მიეცით საკუთარ თავს შეცდომების დაშვების უფლება“

მარიამისთვის ვებდიზაინის შესწავლა მხოლოდ ახალი პროგრამების ათვისებას არ ნიშნავდა. ამ გამოცდილებამ დაანახა, რომ სრულიად განსხვავებული პროფესიული გამოცდილება ახალი მიმართულების დაწყებაში ხელს არ უშლის.

დღეს მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებს და სამომავლო განვითარებას გეგმავს. საკუთარ თავს რომ სწავლის დაწყების პერიოდიდან ერთი რჩევა მისცეს, ეტყოდა, ნაკლები ეფიქრა იმაზე, გამოუვიდოდა თუ არა ყველაფერი იდეალურად პირველივე დღიდან.

იმ ადამიანებს კი, რომლებიც ახალი პროფესიის შესწავლაზე ფიქრობენ, მაგრამ პირველი ნაბიჯის გადადგმას ჯერ ვერ ბედავენ, ურჩევს: „არ შეეშინდეთ სიახლეების და არასოდეს

შეწყვიტონ სწავლა. პირველი ნაბიჯის გადადგმა ყოველთვის რთულია, მაგრამ შედეგის მომტანი. ასევე, ივარჯიშონ ბევრი და მისცენ თავს შეცდომების დაშვების უფლება, რადგან ყველაზე კარგად შეცდომებზე ვსწავლობთ.“

მარიამის ისტორია გვახსენებს, რომ ახალი პროფესიის აღმოჩენა ზოგჯერ ერთი უბრალო ინტერესით იწყება. მთავარია, ამ ინტერესს განვითარების შესაძლებლობა მივცეთ.


თუ შენც გსურს ვებდიზაინის შესწავლა, გაეცანი ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ვებდიზაინის კურსს და გადადგი პირველი ნაბიჯი ახალი პროფესიული გამოცდილებისკენ.