Academy logo
Academy logo
არადა, დანებება მარტივია…

არადა, დანებება მარტივია…

25 ნოე. 2026

არადა, დანებება მარტივია…


საინტერესოა, რამდენი კარგი წიგნი არ დაწერილა, რამდენი ფილმი არ გადაღებულა და რამდენი საინტერესო იდეა დარჩენილა იდეად მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც პირველივე მცდელობაზე არ გამოვიდა. ადამიანებს არ გვიყვარს წინაღობები და, როგორც წესი, ჰორიზონტზე მათი პირველივე გამოჩენისას ვნებდებით ხოლმე… ვინ იცის, ამის გამო რამდენ შანსს, შესაძლებლობას ვუშვებთ ხელიდან, რამდენ საინტერესო იდეაზე ვამბობთ უარს. ეს, ალბათ, ბუნებრივიცაა, ვის უყვარს უსწარმასწორო აღმართებზე, უზარმაზარი ლოდით, ქარსა და წვიმაში სიარული?!


არის ერთი ნიუანსი, წარმატებული ადამიანების ისტორიების მოსმენისას ერთი უცნაური უპირატესობა გვაქვს, წინასწარ ვიცით მათი დასასრული. ეგ კი არა, ხშირად დასაწყისიც კი. ახლა აღარ, მაგრამ ადრე, სკოლისთვის თემებს რომ ვწერდით ცნობილ ადამიანებზე, ვიკიპედიაზე ვამოწმებდით ხოლმე ამა თუ იმ პიროვნების ბიოგრაფიას. ისტორიის უმეტესობა ასე იწყებოდა - ,,დაიბადა ხელმოკლე გლეხის ოჯახში…” ,,მისი ცხოვრება მარტივი არ ყოფილა…” და ა.შ. გვიკვირს, როგორ ვერ დაინახა ვიღაცამ ცნობილი ადამიანის შესაძლებლობები, როგორ უთხრეს უარი მის იდეას, როგორ ეპარებოდა თავად მას საკუთარ თავში ეჭვი, ან სადმე როგორ არ დანებდა.


თუმცა, მოდი, ცოტა ხნით დავივიწყოთ ამ ისტორიების დასასრული. სახელმძღვანელოებიდან ამოვშალოთ ცნობილი ადამიანების მიღწევები, წიგნის ყდებიდან, მათი სახელები, ფილმების ტიტრებიდან კი - გვარები. ამ პერსპექტივიდან მათი ისტორიები ჩვენსას გაცილებით მეტად ემსგავსება.


არადა, ენტონი ბურდეინი 44 წლის იყო…


სანამ ენტონი ბურდეინთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ვიმოგზაურებდით, უცნობ ადამიანებთან ერთად სუფრას მივუსხდებოდით და საჭმლის მიღმა მთელ მსოფლიოში გაფანტულ ისტორიებს აღმოვაჩენდით, მისი ყოველდღიურობა ძირითადად ნიუ-იორკის რესტორნების სამზარეულოებით შემოიფარგლებოდა.


ბურდეინი წერდა კიდეც, თუმცა მის პირველ წიგნებს განსაკუთრებული კომერციული წარმატება არ მოჰყოლია. თუმცა 1999 წელს The New Yorker-ში მისი სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც რესტორნების სამზარეულოს იმ მხარეზე საუბრობდა, რომელსაც სტუმრები, მომხმარებლები ვერასდროს ხედავდნენ. მოკლედ, სამზარეულოზე, კულინარიაზე ისე ალაპარაკდა, როგორც იქამდე არავინ. როგორ გგონიათ, გამბედაობისთვის ყველა ტაშით შეხვდა? ბურდეინი იმ ინდუსტრიის ,,შიდა სამზარეულო”-ზე (სხვათაშორის, ასევე თარგმნა ნიკო ნერგაძემ მისი ეს წიგნი ქართულად) წერდა, რომლის ნაწილიც თავად იყო. საუბრობდა ყველაფერზე, რაზეც შეფმზარეულები, როგორც წესი, საჯაროდ დუმდნენ. თანაც, ამას აკეთებდა არა უკვე ცნობილი და წარმატებული მწერლის პოზიციიდან, არამედ როგორც რიგითი შეფმზარეული, რომელსაც მეორე დღეს ისევ სამზარეულოში უნდა ემუშავა. საბოლოოდ, სწორედ ამ გულწრფელობამ და სამყაროს დანახვის განსხვავებულმა უნარმა აქცია ის ადამიანად, რომლის მოსმენაც მილიონობით ადამიანს მოუნდა.


2000 წელს გამოვიდა „Kitchen Confidential“ - წიგნი, რომელმაც მისი და ბევრი მკითხველის ცხოვრება შეცვალა. ბურდეინი მაშინ 44 წლის იყო და რა რთული გზა გაიარა იქამდე, ამას წიგნშიც მშვენივრად ამოიკითხავთ. თუმცა, ამ ამბავში ერთ-ერთი საინტერესო დეტალი ისაა, რომ ახალი ცხოვრების დასაწყებად ბურდეინს ძველი ცხოვრების დავიწყება და ხიდების გადაწვა არ დასჭირვებია. პირიქით, სამზარეულოებში გატარებული წლები, იქ გაცნობილი ადამიანები, დაშვებული შეცდომები და დაგროვილი ისტორიები მისი ახალი კარიერის საფუძვლად იქცა.


საინტერესოა, როგორი მთხრობელი იქნებოდა ბურდეინი, მის ცხოვრებაში ყველაფერი თავიდანვე მარტივად რომ წარმართულიყო. ექნებოდა კი მოსაყოლი ის ამბები, რომელთა მოსმენაც ასე გვიყვარს? ალბათ, რაღაცას იზამდა …მაგრამ,ზოგჯერ ის, რასაც დღეს დაბრკოლებად აღვიქვამთ, წლების შემდეგ ჩვენი ყველაზე საინტერესო ამბის ნაწილი ხდება.


არადა, ჰარი პოტერის გამოცემაზე 12-მა გამომცემლობამ თქვა უარი…


თუ იმ თაობას ეკუთვნი, რომელიც ჰარი პოტერთან ერთად გაიზარდა, ალბათ, გახსოვს ის განცდები, რომლებიც ამ ისტორიების კითხვისას გქონდა. დღეს ძნელი წარმოსადგენია, რომ ჰოგვორტსის ჯადოსნური სამყარო შესაძლოა ჩვენთვის საერთოდ უცნობი დარჩენილიყო. სანამ ჰარი პოტერი მილიონობით ბავშვის საყვარელ პერსონაჟად იქცეოდა, ის უბრალოდ უცნობი ავტორის ხელნაწერი იყო, რომელიც ერთი გამომცემლობიდან მეორეში მოგზაურობდა. თორმეტი უარის შემდეგ, 1997 წელს, წიგნის გამოცემა Bloomsbury-მ გადაწყვიტა.


დღეს ამ ისტორიას ისე ვყვებით, თითქოს მისი ბედნიერი დასასრული გარდაუვალი იყო. თითქოს ჯოან როულინგს მხოლოდ მოთმინება სჭირდებოდა, რადგან ჰარი პოტერს წარმატება ისედაც ეწერა. თუმცა ყოველი მორიგი უარის მიღებისას როულინგმა არ იცოდა, რომ წლების შემდეგ ადამიანები წიგნის მაღაზიებთან ღამეს გაათენებდნენ მისი ისტორიის გაგრძელების წასაკითხად. მან საკუთარი მომავლის შესახებ ზუსტად იმდენივე იცოდა, რამდენიც ჩვენ ვიცით ჩვენი მომავლის შესახებ ახლა.


ზოგჯერ ერთი და იმავე იდეის მიმართ ადამიანებს სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. ის, რაც ერთისთვის უინტერესოა, მეორისთვის შეიძლება განსაკუთრებული აღმოჩნდეს.


არადა, ხშირად საკუთარ შესაძლებლობებზე წარმოდგენას სწორედ იმ ადამიანების შეფასებებით ვიქმნით, რომლებსაც ჩვენი ისტორიის მხოლოდ რამდენიმე გვერდი აქვთ წაკითხული.


არადა, ფრიდა კალო უნდა დანებებულიყო…


18 წლის ასაკში ფრიდა კალოს ცხოვრება იმაზე გაცილებით რადიკალურად შეიცვალა, ვიდრე ოდესმე წარმოედგინა. მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მას თვეების განმავლობაში საწოლში ყოფნა მოუწია. ოჯახის წევრებმა სპეციალური მოლბერტი დაუმზადეს, საწოლის თავზე კი სარკე დაუმაგრეს. როდესაც მის გარშემო სამყარო ერთი ოთახით შემოიფარგლა, ფრიდამ საკუთარი თავის ხატვა დაიწყო. წლების შემდეგ, 1953 წელს, როდესაც მექსიკაში მისი პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იქ მისვლაც კი გაუჭირდა.


ფრიდა გამოფენაზე სასწრაფო დახმარების მანქანით მივიდა. დარბაზში საწოლი დაუდგეს და სტუმრებს იქიდან ესაუბრებოდა.წარმოიდგინე ეს ოთახი, კედლებზე მისი ნამუშევრებია, გარშემო ადამიანები დგანან, შუაგულში კი საწოლია. ოდესღაც საწოლში ყოფნამ ფრიდას სამყაროსთან ურთიერთობა შეუზღუდა, ახლა კი მთელი დარბაზი მისი შექმნილი სამყაროს სანახავად შეიკრიბა.


ფრიდას ისტორია, ალბათ, ყველაზე მეტად საკუთარი თავის რწმენის ხელახლა პოვნაზეა. როდესაც ცხოვრება სრულიად მოულოდნელად იცვლება და ბევრი რამ, რაც მანამდე საკუთარი თავის შესახებ იცოდი, ეჭვქვეშ დგება, რთულია წარმოიდგინო, კიდევ რისი გაკეთება შეგიძლია. ფრიდამ საკუთარ თავში ის შესაძლებლობები აღმოაჩინა, რომელთა არსებობის შესახებაც მანამდე შესაძლოა არც კი იცოდა.


არადა, ზოგჯერ ყველაზე დიდი დაბრკოლება სწორედ ისაა, რომ საკუთარ თავს იმაზე ნაკლებ შესაძლებლობას ვუტოვებთ, ვიდრე სინამდვილეში გვაქვს.


არადა, დაბრკოლებები ყოველთვის გექნება…


რა თქმა უნდა, ყველა უარს წარმატება არ მოჰყვება და ყველა წარუმატებელი მცდელობა დიდი ამბის დასაწყისი არ არის. ზოგჯერ რაღაც უბრალოდ არ გამოდის. ზოგჯერ წარმოდგენები გვეცვლება, ინტერესები გვეცვლება და ისიც კი, რასაც რამდენიმე წლის წინ წარმატებად მივიჩნევდით, შესაძლოა დღეს უბრალო მოვლენა იყოს.


თუმცა საკუთარი შესაძლებლობების შეფასებისას ხშირად უსამართლო შედარებას ვაკეთებთ, სხვის დასრულებულ ამბავს ჩვენი ცხოვრების ჯერ კიდევ დაუწერელ თავებს ვადარებთ. ბურდეინის შემთხვევაში გვახსენდება მოგზაურობები და არა სამზარეულოში გატარებული ათწლეულები. ჰარი პოტერის შემთხვევაში - სავსე წიგნის თაროები და არა გამომცემლობებისგან მიღებული უარის წერილები. ფრიდა კალოს შემთხვევაში კი - გამოფენის დარბაზი და არა გზა, სადაც ეს ყველაფერი დაიწყო.

შეიძლება, უკვე დიდი ხანია ახალი პროფესიის შესწავლაზე ფიქრობ. შეიძლება, სასურველი კურსიც შერჩეული გაქვს, მაგრამ ,,სწორ მომენტს” ელოდები, ან ფიქრობ, რომ ჯერ სხვამ სცადოს და ა.შ.


იდეალურ დროს ხშირად ისე ველოდებით, თითქოს ის კალენდარში გაწითლებული კონკრეტული დღე იყოს. ველოდებით უდაბრკოლებო დღეს.

არადა, დაბრკოლებები ყოველთვის გექნება…