არ წასაკითხი სტატია
თარიღი: 14 June, 2021
თუ შენ ამას კითხულობ, ფაქტია ჩემი რჩევა არ გაითვალისწინე და ცნობისმოყვარეობამ გძლია. არაუშავს, რადგან აქ ხარ, მოკალათდი და კარგ ქოფიზე ვისაუბროთ.
მზად ხარ?
ხომ არ წახვედი?
მაშინ დავიწყოთ.
რა არის შენი მთავარი მიზანი, როდესაც ბლოგს ან მეილს ასაჯაროებ? – რა თქმა უნდა აუდიტორიის დაინტერესება. სათაურის, ქვესათაურის, ფონტების და კონტენტის სხვა ნაწილის დანიშნულება?
ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, ქოფის მთავარი მიზანია, მკითხველს პირველი წინადადება წააკითხო. პირველი წინადადება კი უნდა იყოს გარანტი იმისა, რომ ის წაიკითხავს მეორეს, მესამეს და ა.შ. როგორ და რა საშუალებებით მოახერხებ ამას ეს უკვე შენზეა დამოკიდებული.
მთავარია მკითხველი დაარწმუნო შენს ნათქვამში, ჩაითრიო სიტყვების ჭაობში, კითხვის დასრულებისას გაუჩინო კმაყოფილების შეგრძნება და აავსო განსხვავებული ემოციებით.
კარგი, უფრო მარტივად ავხსნი.
#1 მოიფიქრე განსხვავებული, ორიგინალური სათაური, ამით მკითხველს დააინტრიგებ
სათაური არის ყველაზე მოკლე და კონკრეტული აღწერა იმისი, რასაც მკითხველი შემდგომ ვრცლად წაიკითხავს. მაგალითისთვის, გავიხსენოთ მიშელ ობამას ბესტსელერი “Becoming” ან სტივ კრაგის “Don’t Make Me Think” საინტერესოდ ჟღერს, არა? ეს სწორედ ის სათაურებია, რომლებიც ორიგინალურობითაც გამოირჩევა და მკითხველის დაინტრიგებასაც ახერხებს.
#2 მიეცი აუდიტორიას ის, რასაც ეძებს (ან, თუ შემთხვევით სხვაგან მოხვდა, შეეცადე არ გაგექცეს)
ეცადე პასუხი გასცე მკითხველის პოტენციურ შეკითხვებს, მიაწოდე ამომწურავი ინფორმაცია მისი ინტერესის სფეროს შესახებ, მოიყვანე მაგალითები, გააკეთე შედარებები, მოკლედ დააპურე “მშიერი” მომხმარებელი.
#3 დააჯერე მკითხველს შენს მიერ დაწერილი თითოეული სიტყვა. დაუმტკიცე, რომ რასაც ამბობ ჰაერიდან არ მოგიტანია.
როდესაც მკითხველს ურჩევ ან რაიმე ტიპის ინფორმაციას აწვდი, მას შეიძლება გაუჩნდეს შეკითხვა, თუ რის საფუძველზე ამბობ ამ ყველაფერს, ამიტომ დაიხმარე სხვადასხვა წყაროები, კვლევები, გამოჩენილი ადამიანების ფრაზები, ყველაფერი რაც გაამყარებს შენს მოსაზრებას.
ბოლოს გეტყვი, რომ…
თუ შენს ნაწერს არავინ კითხულობს, მაშინ რაღაც ვერ არის ისე, როგორც საჭიროა, მაგრამ მოდი ახლა ცუდზე ნუ ვილაპარაკებთ. დაფიქრდი, რა მაგარია როცა შენს ნაშრომ-ნაწვალებს ვიღაც სიამოვნებით ადევნებს თვალს, როცა ყველაფერი კარგად არის და იაფასიანი ხრიკებით იჭერ აუდიტორიას.
დიდი მადლობა ყველას, ვინც აქ ხართ, თუ რა თქმა უნდა ჯერ კიდევ აქ ხართ, ჩემი მიზანი მიღწეულია.
მოკლედ, სულ ეს იყო რისი თქმას მინდოდა
წარმატებები…