ანა ბაღიშვილის ისტორია: ბიოლოგობიდან გეიმ დეველოპერობამდე
თარიღი: 28 March, 2025
გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის, ანა ბაღიშვილის ისტორიას, რომელმაც ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში Front-end დეველოპმენტის სრული კურსი გაიარა, ახლა კი მუშაობს Lambda Gaming-ში, Game Developer-ის პოზიციაზე.
მე ვარ ანა ბაღიშვლი, პროფესიით ბიოლოგი. მეცნიერებისადმი სიყვარული ბავშვობიდანვე მქონდა, განსაკუთრებით ცოცხალი ორგანიზმების, ამიტომ ბიოლოგიის მიმართულებით სწავლის გაგრძელება ჩემი ბუნებრივი არჩევანი იყო. მიუხედავად ამისა, ყოველთვის მხიბლავდა ციფრული ინდუსტრია და ვიცოდი, რომ ერთ დღეს აუცილებლად შევაბიჯებდი ამ საინტერესო სამყაროში.
ციფრული ტექნოლოგიები თანამედროვე სამყაროში ნებისმიერ სფეროში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მათ შორის – ბიოლოგიაშიც, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, გამეღრმავებინა ცოდნა ამ მიმართულებით. აკადემიის შესახებ სხვადასხვა წყაროებიდან შევიტყვე და დავინტერესდი. გადავწყვიტე, უფრო ღრმად შემესწავლა ციფრული ტექნოლოგიები, რამაც უკვე საბოლოოდ გადამაწყვეტინა front-end დეველოპერი გავმხდარიყავი.
აკადემიაში გავიარე Front-end დეველოპმენტის სრული კურსი (HTML, JavaScript, Angular). კურსმა არა მხოლოდ ტექნიკური ცოდნა შემძინა, არამედ მასწავლა, როგორ გამოვიყენო ეს ცოდნა პრაქტიკაში, რაც ჩემი ახალი პროფესიისთვის აუცილებელია. გარდა ამისა, ამ კურსზე სწავლა შესაძლებელი გახდა GITA-ს სრული სტიპენდიის დამსახურებით, რამაც დიდი მოტივაცია მომცა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა გამიმტკიცა.
ამჟამად ვმუშაობ Lambda Gaming-ში, Game Developer-ის პოზიციაზე. Lambda Gaming ქმნის ინოვაციურ ონლაინ თამაშებს და მუდმივად ცდილობს, მომხმარებლებს შესთავაზოს საუკეთესო სათამაშო გამოცდილება. ჩემი საქმიანობა დაკავშირებულია თამაშების შექმნასთან და მათ განვითარებასთან, რაც მოიცავს იდეების რეალიზაციას, ფუნქციონალის შექმნას და თამაშის დინამიკის გაუმჯობესებას.
აკადემიაში მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერულ განვითარებაში. ტექნიკური უნარების შეძენასთან ერთად, კურსმა მასწავლა, როგორ გამოვავლინო ჩემი პოტენციალი რეალურ პროექტებზე მუშაობისას. ეს ყველაფერი დამეხმარა ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში და საკუთარი თავის უკეთ რეალიზებაში.
ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს პირველ რიგში ვურჩევდი, რომ არ შეუშინდნენ სიახლეებს. ციფრული სამყარო მუდმივად ვითარდება და მუდმივი სწავლა გადამწყვეტია. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული გამოცდილების მიღებაც – რაც შეიძლება მეტი პროექტის გაკეთება და რეალურ ამოცანებზე მუშაობა. ასევე გირჩევთ, რომ გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა – სტიპენდიები, ტრენინგები და სხვა რესურსები – რათა საკუთარი მიზნები რეალობად აქციოთ.