შთაბეჭდილებები გრაფიკული და მოუშენ დიზაინის კურსის შესახებ
თარიღი: 21 June, 2022
,,მოკლე დროში საკმაოდ ბევრი რამ ვისწავლე და გავიგე ამ სფეროს შესახებ.”
დღეს, ანა ბზიშვილი მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:
-ჩემ შესახებ..
მე ვარ ანა, 30 წლის. ძალიან მიყვარს ზღვა, ნესვი და ვარდისფერი ფერი. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემი თავი გამოვცადე ბევრ სფეროში. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, მაგისტრატურა გავაგრძელე ინტერიერის დიზაინის მიმართულებით, პარალელურად კი, ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი გრაფიკული დიზაინით. ამ საქმეში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.
-როდის გაგიჩნდა ინტერესი ამ სფეროსადმი?
ამ სფეროსადმი ინტერესი ბავშვობიდან მაქვს. მამაჩემი იყო ერთ-ერთი გამომცემლობის დამფუძნებელი და ხშირად ვიყავი ჩართული მის საქმიანობაში. განსაკუთრებით მომწონდა დიზაინი და ვეხმარებოდი ჩემი იდეებით, მაგალითად წიგნების დიზაინის შექმნაში. დღეს კი ჩემი ძალიან დიდი სურვილია ჩემს მეგობართან ერთად გავაკეთო ქართული ანიმაციური ფილმი.
-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?
ერთ დღეს Facebook-ზე შევედი და ვნახე ჩემი ერთ-ერთი მეგობრის სტატუსი – გაზიარებული ჰქონდა სერტიფიკატი და მადლობას უხდიდა ციფრული ინდუსტრიის აკადემიას. მისი ნამუშევრები ძალიან მომეწონა. მოკლე დროში საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა მიღწეული, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მანამდე არ ჰქონია ამ პროგრამებთან შეხება. დავფიქრდი, ხომ არ მესწავლა მეც… და რატომაც არა?! ასევე ვიცი ისიც, რომ აკადემია გაძლევს შესაძლებლობას შემდგომში პროფესიულად რეალიზდე, ბევრი ვაკანსია და შემოთავაზება აქვთ.
-რომელი კურსი გაიარეთ და როგორია თქვენი შთაბეჭდილება?
გავიარე გრაფიკული დიზაინის და მოუშენ დიზაინის კურსები. კმაყოფილი ვარ, ჩემს მეგობრებსაც ვურჩიე. ნამდვილად კარგი შესაძლებლობაა, როგორც მოყვარული, ისე დამწყები დიზაინერებისთვის. მოკლე დროში საკმაოდ ბევრი რამ ვისწავლე და გავიგე ამ სფეროს შესახებ, რაც მთავარია, უკვე მაქვს შესაძლებლობა დამოუკიდებლად გავაკეთო ნებისმიერი პროდუქტის, ბრენდის დიზაინი.
-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინეთ?
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ვისწავლე საქმის კეთების სპეციფიკა, რა მოსწონს დამკვეთს, გავიგე ბევრი საძიებო გვერდის შესახებ და ვისწავლე უამრავი ხერხი, რაც ამარტივებს მუშაობის პროცესს. კიდევ, Behance-ის შესახებ გავიგე, ეს ჩემთვის აღმოჩენა იყო.
-მენტორი..
ელენე შენგელია და საბა ხურციძე. ელენე ძალიან ენერგიული გოგოა, ბევრი რამ გვასწავლა, მაქსიმუმი გააკეთა იმ დროში, რაც შესაძლებელი იყო. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას. საბას ლექციები ძალიან საინტერესო იყო, აქამდე After effect-თან შეხება არ მქონია. ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე რთული პროგრამაა, ძალიან დიდი შრომა სჭირდება პროექტის შექმნას, ამოუწურავი ფუნქციები აქვს, მაგრამ, ელენეს მსგავსად საბამაც მოახერხა და მოკლე დროში მოგვცა შესაძლებლობა გვესწავლა და გაგვეკეთებინა ჩვენი მინი ვიდეო-ანიმაცია.
-რჩევა დამწყებ დიზაინერებს.
ჩემი გამოცდილებით, შემიძლია ვთქვა, რომ დასაწყისისთვის აუცილებელია ცოდნის მიღება ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისგან. ყველას ვურჩევ, რომ დაიწყოს სწავლა, თუნდაც მინიმალური კურსებით, მათი დახმარებით მიიღონ ზოგადი ცოდნა ამ სფეროს შესახებ.
-რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?
უნდა გაგვეკეთებინა 12 პოსტერი, ამიტომ შევქმენი კალენდარი – „12 თვე-12 ქალი”. როდესაც ფინალურ ნამუშევრის გაკეთებაზე ვფიქრობდი მინდოდა გამეკეთებინა ისეთი რამ, რაც ჩემთან ახლოს იქნებოდა, ასევე სამომავლოდ გამომადგებოდა, ამიტომ ჩემი მეგობრების დაბადების დღეების მიხედვით გავაკეთე კალენდარი. ნამუშევრის გაზიარების შემდგომ მივიღე რამდენიმე შეკვეთაც და გავაკეთე კალენდარი უკვე დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისი დიზაინით.