fbpx
თაკო კოპალიანი

ილუსტრაციებად ქცეული ჩვეული სიტუაციები

თარიღი: 27 November, 2020

,,მინდა ყოველდღიური, ჩვეულებრივი სიტუაციები ილუსტრაციებად ვაქციო და ვაკვირდები ყველაფერს, გონებაში ნახატებად ვაწყობ.”

ყოველდღიური სიტუაციებით შთაგონებული ილუსტრაციები და განსხვავებული ხელწერა, დღეს შენ თაკო კოპალიანი მოგიყვება საკუთარი შთაგონების წყაროს და სამუშაო პროცესის შესახებ.

ილუსტრაციები

-მე ვარ..

გამარჯობა, მე ვარ თაკო კოპალიანი, გრაფიკული დიზაინერი (ილუსტრატორი), 23 წლის. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტი, თუმცა მთავარ და ძირითად პროფესიად გრაფიკული დიზაინი ავირჩიე.

გავიარე გრაფიკული დიზაინის საბაზისო კურსი და ამის შემდეგ საკუთარ თავზე ვმუშაობდი. ვფიქრობდი კონკრეტულად რა მიმართულება ამერჩია, სად ვხედავდი ჩემს თავს. ვინაიდან ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა და დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, ჩემი ყურადღება მიიქცია ილუსტრაციებმა. ძალიან მომწონს სკეჩების ფურცელზე ხატვა, შემდეგ გაციფრულება და ილუსტრაციად ქცევა.

ამჟამად, ვმუშაობ ფრილანსერად, ვიღებ სხვადასხვა პერსონალური და კომერციული ილუსტრაციების შეკვეთებს. ვხატავ ილუსტრირებულ პორტრეტებს, ვქმნი პერსონაჟებს კომერციული პროექტებისთვის და ა.შ.

ილუსტრაციები

-ჩემი ნამუშევრების მთავარი კონცეფცია..

ჩემი ნამუშევრები ძირითადად ილუსტრაციებია, სრულად ამ მიმართულებაზე ვარ გადართული. კონკრეტული სტილი და კონცეფცია ჯერ არ მაქვს. თითოეული მათგანი ინდივიდუალურ ხასიათს ატარებს და თვითმყოფადია. ახლა იმ ეტაპზე ვარ, რომ ვცდილობ სხვადასხვა სტილის ილუსტრაციები ვხატო, განსხვავებული ტექნიკით და საკუთარი ხელწერა ვიპოვო.

ასევე ვცდილობ ყოველი ახალი ნახატი უფრო გავართულო, დეტალიზებული და საინტერესო გავხადო, განვვითარდე. ძალიან მომწონს წიგნის ილუსტრაციები და მინდა სხვადასხვა წიგნის ილუსტრაციებზე მუშაობა. ასევე ძალიან მომწონს ანიმაციები და ვფიქრობ სამომავლოდ შევისწავლო, რათა ჩემი ნახატებისგან პატარა ანიმაციები შევქმნა.

ილუსტრაციები

-შთაგონების მთავარი წყარო..

ჩემი შთაგონების წყარო ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს. მაგალითად, ერთ-ერთი პირველი ილუსტრაციის ინსპირაცია კონკრეტული სიმღერა იყო, რომელიც ძალიან მიყვარს. ახლა მინდა ყოველდღიური, ჩვეულებრივი სიტუაციები ილუსტრაციებად ვაქციო და ვაკვირდები ყველაფერს, გონებაში ნახატებად ვაწყობ.

ბოლო ილუსტრაცია ცხოველებისა და ადამიანების კომბინაციაა, ეს იდეა სპონტანურად მომივიდა და ცხოველები ვაქციე მთავარ პერსონაჟებად. ვაპირებ ისინი ყოველდღიურ, ჩვეულებრივ სიტუაციებში წარმოვადგინო.

No description available.

-რა არის მთავარი ილუსტრაციების შექმნის პროცესში..

ილუსტრირება თავისთავად გულისხმობს რაიმეს აღწერას, გამოსახვას ისე, რომ ადამიანებმა ამოიკითხონ ამა თუ იმ ტიპის ინფორმაცია. ჩემთვის, ილუსტრაციის შექმნისას მთავარია გამოვხატო ჩემებურად დანახული სიტუაცია, პერსონაჟები, გარემო, ვაქციო ისინი სკეჩებად და შემდეგ სრულყოფილ ილუსტრაციებად, მინდა, რომ მათ ჩემი ხელწერა დავატყო.

მნიშვნელოვანია ასევე ფერები, ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე და სხვადასხვა ფერების ვარიაციას ვცდი ილუსტრაციების შექმნის დროს. ვცდილობ არ გადავტვირთო და ერთმანეთთან ჰარმონიაში იყოს. არ არის აუცილებელი ყოველთვის რაიმე გენიალურ იდეაზე მუშაობდე, ჩვეულებრივი, ყოფითი სიტუაციებიც კი ძალიან საინტერესო და დასაფიქრებელია, შესაძლოა ზედმეტად შინაარსობრივად გადატვირთულ ნამუშევრებზეც კი.

მთავარია, პროცესს ხალისით შეხედო და სიამოვნება მიიღო ამ ყველაფრისგან. ყოველი ახალი ილუსტრაციის შექმნა დამატებითი ცოდნის მიღებაში მეხმარება და ეს სიამოვნება ცალკე აღნიშვნის ღირსია.

ილუსტრაციები

-სად ვეძებ შთაგონების წყაროს..

პერსონაჟებს უმეტესად სპონტანურად ვქმნი. თავდაპირველად როცა სკეჩის ხატვას ვიწყებ, არ მაქვს გონებაში ბოლომდე წარმოდგენილი როგორი იქნება საბოლოო შედეგი. პროცესის დროს ბევრ ვარიანტს ვხატავ და ვცდილობ საინტერესოდ წარმოვაჩინო.

ილუსტრაციები

-სამუშაო პროცესი..

როდესაც ინსპირაცია მომივა, ჩემი სამუშაო პროცესი იწყება ფურცელზე სკეჩის ხატვით. მიახლოებით მონახაზს ვაკეთებ როგორი წარმომიდგენია და შემდეგ ვიწყებ პროგრამაში ხატვას. ჯერ ვაკეთებ სკეჩის სახით, შავ-თეთრ ვარიანტს და შემდეგ ვწყვეტ რა ფერებში უნდა დავასრულო. ილუსტრაციის სტილიდან და თემიდან გამომდინარე ვუხამებ ფერებს. ვხატავ სხვადასხვა ვარიანტებს, რათა საუკეთესო ვარიანტის არჩევის შესაძლებლობა მქონდეს.

ილუსტრაციები ილუსტრაციები ილუსტრაციები ილუსტრაციები

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე