fbpx
ციფრული ინდუსტრიის აკადემია და ჯიტა

GITA-ს და ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ერთობლივი პროექტი – საქართველოს 8 რეგიონში

თარიღი: 17 March, 2021

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ციფრული ინდუსტრიის აკადემიასთან ერთად საქართველოს 8 რეგიონსა და თბილისში გადამზადების პროგრამა დაასრულა. პროექტის ფარგლებში 225 სტუდენტმა სრულიად უფასოდ გაიარა სოციალური მედიის მართვისა და ქოფირაითინგის კურსი.

პროექტი განხორციელდა: ბათუმში, კასპში, რუხში, ზუგდიდში, თელავში, ახმეტაში, ლანჩხუთში, გურჯაანსა და თბილისში.

GITA-ს და ციფრული ინდუსტრიის აკადემიის პროექტი

ვორქშოპების განმავლობაში ლექტორებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: სოციალური მედიის ძირითად პრინციპები, პლატფორმების შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება, კონტენტ სტრატეგიის წერა, ეფექტური კონტენტის გენერირება, სწორი საკომუნიკაციო ენით საუბარი, ეფექტური ქოფის წერა, იდეების გენერირებისა და განხორციელების პროცესი და სხვა. შექმნილი გარემოებების გამო კურსი დისტანციურად, ონლაინ მიმდინარეობდა.

კურსის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის დახმარებით, სტუდენტები სრულიად დამოუკიდებლად შეძლებენ ნებისმიერი ტიპის პროექტზე მუშაობას და სასურველი მიმართულებით დასაქმებას.

პროექტის ფარგლებში ციფრული ინდუსტრიის აკადემიამ, GITA-სთან ერთად უზრუნველყო საინფორმაციო კამპანიის წარმოება, ბენეფიციართა შერჩევის მექანიზმის შემუშავება და კურსების ტექნიკური და კონტექსტუალური გამართულობა.

GITA-ს და ციფრული ინდუსტრიის აკადემიის პროექტი

,,პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო GITA-ს თანამშრომლობისთვის და ლექტორებს თავდაუზოგავი შრომისთვის. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პროექტი შედგა, სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა სრულიად უფასოდ შეესწავლათ სოციალური მედიის მართვისა და ქოფირაითინგის კურსები. ვფიქრობ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მათ მისცემს შესაძლებლობა, რომ დასაქმდნენ ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენც მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ პროექტის მონაწილეების დასაქმებას პარტნიორ კომპანიებში.” – პროექტის ორგანიზატორი ეკო თავხელიძე 

პროექტის მიზანი იყო, ციფრული პროფესიებისადმი საზოგადოების ცნობადობის გაზრდა და ამ მიმართულებით დასაქმების ხელშეწყობა. დაგეგმილი კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრა 36 საათით, რაც მოიცავდა 18 ლექციასა და პროექტზე მუშაობისათვის განსაზღვრულ დროს.

კურსის განმავლობაში მიმდინარეობდა ყველა ლექციის ჩაწერა, რის შემდეგაც ეს ჩანაწერები ინახებოდა ორგანიზაციის ვიდეო ბიბლიოთეკაში. ჩანაწერებზე წვდომა ჰქონდა ყველა სტუდენტს, რადგან მათთვის ინფორმაციის გამეორებისა და აღდგენის პროცესი უფრო მარტივი ყოფილიყო.

ამასთანავე ყველა რეგიონისთვის შექმნილი იყო დახურული ჯგუფები, სადაც თითოეულ მონაწილეს საშუალება ეძლეოდა, რომ ჰქონოდათ ლექტორთან მუდმივი კომუნიკაცია. ყველა სტუდენტს, რომელმაც წარმატებით დაასრულა კურსი გადაეცა პერსონიფიცირებული სერტიფიკატი, როგორც ორიგინალ ასევე ონლაინ ფორმატში.

GITA-ს და ციფრული ინდუსტრიის აკადემიის პროექტი