fbpx
გრაფიკული დიზაინი

ძველი ქართული ფილმების პოსტერები-ქეთო ტაბატაძე

თარიღი: 28 September, 2020

,,ინსპირაცია მოდის ემოციებისგან, ინსპირაციის მიღება ყველასგან და ყველაფრისგან შეიძლება.”- ქეთო ტაბატაძე

ძველი ქართული ფილმების ინსპირაციით შექმნილი პოსტერები, რომელიც ციფრული ინდუსტრიის აკადემიის კურსდამთავრებულს ქეთო ტაბატაძეს ეკუთვნის.

გრაფიკული დიზაინი

-მე ვარ…

ქეთო ტაბატაძე, 24 წლის.

მოკლედ რომ დავახასიათო ჩემი თავი, ვარ ადამიანი, რომელიც სულ ეძებს ისეთ სიახლეებს, რომლებიც თავს უფრო კომფორტულად აგრძნობინებს. ამჟამად ვსწავლობ ჯიპაში, საზოგადოებრივი ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამაზე. ზაფხულის არდადეგებზე, ერთ-ერთი რიგითი ძიების პროცესში გადავწყვიტე  გრაფიკული დიზაინის კურსი გამევლო.

ხატვა ბავშვობიდან მიყვარს, ამიტო ამ სფეროში თავი განსაკუთრებულად კარგად ვიგრძენი. არ არის მარტივი, მაგრამ ჩემთვის მთავარია, რომ მეცადინეობის პროცესი სიამოვნებას მანიჭებდეს.

-პოსტერების შესახებ…

რამდენიმე დღის წინ დავასრულე გრაფიკული დიზაინის კურსი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში. კურსის ბოლოს უნდა შეგვესრულებინა ფინალური ნაშრომი, რომელიც სრულიად ჩვენი გემოვნების მიხედვით უნდა აგვეწყო. თემაზე დიდხანს არ მიფიქრია, თავიდანვე გადავწყვიტე ძველი ქართული, საკულტო ფილმების პოსტერები ახლებურად გადამეკეთებინა, ბევრ ფერში და უფრო მხიარული ვიზუალით.

გრაფიკული დიზაინი

-სამუშაო პროცესი..

ერთი შეხედვით კი მარტივი ჩანს, თუმცა მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, მითუმეტეს ჩემთვის, როგორც  დამწყებისთვის, რომელიც თან სწავლობს. თითოეულ პოსტერზე 10-12 სთ დამჭირდა.

სამუშაო პროცესი მოიცავდა რამდენიმე ვერსიის შექმნას, სხვადასხვა ფერებში, სხვადასხვა ფონტით. ყოველ საბოლოო ვერსიაზე დაკვირვებისას ამჩნევ, რომ რაღაც ხარვეზი გაიპარა, მერე ხდება ამის ყოველ ჯერზე ჩასწორება, რაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნე მთავარი ჩემთვის ისაა, რომ ვბედნიერდები, როცა ჩემი შრომის შედეგს ვუყურებ.

გრაფიკული დიზაინი

-ინსპირაციის წყარო..

ინსპირაცია მოდის ემოციებისგან, ინსპირაციის მიღება ყველასგან და ყველაფრისგან შეიძლება. ფერები უდიდესი შესაძლებლობების მქონე რაღაცაა ჩემთვის, სულ რომ არანაირი ფორმა მისცე ნახატს, მხოლოდ ფერებით მოყვები მთელ ემოციებს. ამ პოსტერების შექმნისას უბრალოდ მქონდა გადაწყვეტილი სიცოცხლით სავსე ფერები გამომეყენებინა, რომლებიც უფრო გაახალისებდა ძველი ქართული ფილმების პოსტერებს, ახლებურ სიცოცხლეს შესძენდა მათ და მარტივად და სასიამოვნოდ აღსაქმელი იქნებოდა.

ამავდროულად ვცდილობდი, გამოყენებული ფერები დაკავშირებული ყოფილიყო ფილმის ძირითად განცდებთან. ,,ვერის უბნის მელოდიები”, მიუხედავად იმისა , რომ შეიცავს პატარ-პატარა დრამებს, ჩემთვის სილაღესთან ასოცირდება, ამიტომ გადავწყვიტე  გამომეყენებინა იისფერი/ვარდისფერი ტონალობა, იგივეს ვიტყოდი ,,სხვის შვილებზე’’, მწვანე ჩემთვის იმედის ფერია, ისევე როგორც ,,სხვისი შვილებისთვის” მატარებელში მყოფი დეიდა ნატო.

გრაფიკული დიზაინი

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე

ფასდაკლების მიღება