fbpx
ქოფირაითინგი

ქოფირაითინგის კონკურსის გამარჯვებულების ნამუშევრები

თარიღი: 8 April, 2022

ქოფირაითინგის კონკურსი დასრულდა. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს უნდა დაეწერათ ჩანახატი სახელწოდებით: ,,ყველაზე მატყუარა დღე”.

გიზიარებთ გამარჯვებულების ნამუშევრებს:

პირველი ადგილი – გვანცა ნაკაშიძე

,,დედაჩემ წელიწადს 12 შვილი ვყავართ. მე აპრილი მქვია, იულიუსის კალენდრის მეხუთე შვილის, აპრილის საპატივცემულოდ. მამა არასდროს გვინახავს, ერთადერთი ის ვიცით, რომ გრიგოლის კალენდარი ჰქვია, მისი არსებობა მგონი დედასაც დაავიწყდა.

მე ერთი საბედისწერო დღეზე ვწერ. რადგანაც ჩემი დრო დადგა და წლების შემდეგ ადამიანები ისევ დამცინიან, მინდა ყველაფერს ნათელი მოვფინო. სამწუხაროდ, მომიწევს ისევ დავუბრუნდე ჩემს ბიოგრაფიას. და ასე, დავიბადეთ სამი ტყუპი და-მარტი პირველი იყო, შემდეგ 31 წამში მე მოვყევი, 30 წამში კი მაისი გაჩნდა.

დედას მოლოდინებით მარტს ოჯახში სიტუაცია უნდა დაეთბო, მკაცრი ძმების შემდეგ, ის დედას ერთადერთი იმედი იყო. ჩემი ძმები – დეკემბერი, იანვარი და თებერვალი მარტს კონკურენტად აღიქვამდნენ, მაგრამ აი რა მოხდა..
მარტს ცვალებადი ხასიათი ჰქონდა, ხშირად ჩემს ძმებს აყვებოდა და მათთან ერთად გვამწარებდა. დედა სულ საყვედურობდა, ის კი ისევ გვეცივებოდა, იშვიათად გვიღიმოდა, სახე მოღრუბლული დადიოდა, მოკლედ ვერაფერი გავუგეთ.

დედამ საქმე გაიმარტივა, ჩემი ძმების სამეულს ზამთარი დაარქვა, ჩვენ სამს კი გაზაფხული, ჰოდა ასე, მარტი გაზაფხულის პირველი თვე იყო, მაგრამ დედა ხშირად ემუქრებოდა, რომ თუ არ შეიცვლებოდა, პირველი მე გავხდებოდი. შუათანა დას ეს ამბავი ძალიან მახარებდა.

თებერვალი თავის ასპარეზობას ასრულებდა, როდესაც ძმებთან ერთად მოვიდა და მახარა, დედამ გადაწყვეტილება მიიღო, შენთან გამოგვგზავნა, რომ გვეთქვა, პირველი შენ იქნებიო. სიხარულისგან ცას ვეწიე, ისეთი ბედნიერი ვიყავი. შემდეგ კი ძმებმა ხარხარი დაიწყეს და დამცინეს, შენი მოტყუება ყველაზე მარტივიაო, მათ მარტიც შეუერთდა და ერთად დამიწყეს ჩაგვრა თუ, როგორი მიამიტი ვიყავი და შემახსენეს, რომ მარტი არასდროს დათმობდა პირველობას.
ხალხში ეს ამბავი გავრცელდა, ყველა ამაზე იცინოდა – დღეს აპრილი პირველია, მოტყუება ადვილიაო, თუ როგორც არის. იმედია, ახლა მაინც შეწყვეტთ სულელურ დაცინვას და ჩემს გრძნობებზე აღარ ითამაშებთ, რომ იცოდეთ ზოგის გულში გაზაფხულის პირველი თვე მაინც მე ვარ.”

მეორე ადგილი – ლუკა ტუღუში

,,2014 წელი…

ზამთრის ცივი დილა…
მურაბიანი ჩაი, ოთახში დატრიალებული სითბო მახსოვს ამ დღიდან.
მახსოვს, ბებოს გაუთავებელი წუხილი ჯერ კიდევ 2 წუთის წინ დასხმულ ჩაიზე, თუ როგორ ცივდებოდა და ცხლად ვერ ვსვამდი, მაგრამ მაშინ სხვა პრიორიტეტები მქონდა, საბანში დიდხანს ვიყავი გახვეული და დაუსრულებლად ვფიქრობდი, ჩაიც სულ უფრო ცივდებოდა და ბებოს წუწუნიც კიდევ უფრო იმატებდა, მე არ ვარღვევდი კომფორტს და მატყლის საბანში გახვეული ვფიქრობდი. მოვიდა ბებო სასთუმალთან და გულის გადაშლა მთხოვა, მეც გავუზიარე, რომ ელენე სიზმარშიც კი მესიზმრებოდა, ბებომ მითხრა: „ეს ბავშვობის სიყვარულია, რა ჯობია ბებიკო ამ გრძნობასო” – მირჩია კალამი ამეღო და წერა დამეწყო.

მახსოვს, დღე, როცა ხელში კალამი ავიღე და მივხვდი, რომ თუკი ემოციების გადმოცემა მინდოდა, წერა ყველაზე კარგი საშუალება იყო, ასე დავწერე ჩემი პირველი ჩანახატი, რომელიც „ლიტერატურული ოდისეას” გამარჯვებული გახდა. მას შემდეგ, არასდროს გამიგდია ხელიდან კალამი, ემოციებით სავსეს კი ფრაზები ხელსახოცზე ან სულაც კომუნალურების ქვითარზე დამიტანია, ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ არ მივხვდი, რომ წიგნზე მუშაობა უნდა დამეწყო.

ბავშვობაში ჩემი საყვარელი პერსონაჟი პინოქიო იყო, რადგან ჩვეულებრივ ადამიანებს არ ჰგავდა და ხისგან დამზადებული თოჯინას კვალობაზე იმაზე მეტიც შეეძლო, ვიდრე ადამიანებს, მაგალითად, ცხვირის გაზრდა. ასე განვაგრძე წერა, პატარა წიგნი გამომივიდა, მხოლოდ ყდის დიზაინი იყო საჭირო, თაროდან მიუნჰაუზენის ამბები ჩამოვიღე და ბავშვობაში დაბრუნებული ემოციების ხარჯზე, სწორედ ამ ყდის ფერი ვარჩიე. 1 წლის შემდეგ წიგნიც დავბეჭდე და ასე დავურიგე რეგიონის მოსწავლეებს. მივხვდი, რომ გულწრფელი ემოციები ყოველთვის ფასდება, ამიტომაც ვარ დღეს მწერალი.

თუმცა, მკითხველო, მოიცადე, შემთხვევითი არ არის, რომ ბავშვობაში პინოქიო მიყვარდა და მიუნჰაუზენს ვაღმერთებდი, რადგან რომ არა ისინი, მთელი ტექსტის მანძილზე ისე ხარისხიანად ვერ მოგატყუებდი, როგორც ეს ახლა შევძელი. არც მწერალი ვარ და არც წიგნი დამიწერია, თუმცა ის კი ვიცი, რომ აპრილში მოტყუება მართლაც ძალიან ადვილია.”

მესამე ადგილი – მანანა მიქავა

,,თებერვლის ნესტიანი საღამო ახლა ბუნდოვნად მახსოვს. მოვლენათა ჯაჭვსაც ბუნდოვნად ვიხსენებ. თვალს თუ დავხუჭავ, დაჭრილი კინოკადრებივით ერთმანეთს ცვლიან შავ-თეთრი სურათები: მამას ადამიანის სახე არ აქვს, ორი მამაკაცი აკავებს, რომ დედისკენ არ გაიწიოს. მაჟრჟოლებს, თუმცა არ ვიცი შიშისგან თუ სიცივისგან, რადგან პიჟამას ამარა, ფეხშიშველი ვდგავარ ცივ იატაკზე. დაახლოებით ხუთი წლის ვარ და გარკვევით ვერ ვხვდები რა ხდება. თუმცა შიში თავისკენ მექაჩება და მაგიდის ქვეშ მიმათრევს. ამის შემდეგ მხოლოდ ქუსლები, ნერვიულად მოსიარულე ქუსლები მახსოვს და კიდევ ნამსხვრევები. მიხარია ეს ნამსხვრევები, ხვალ ჯაჭვის ბეჭდებისთვის უამრავი ალმასის თვალი მექნება. გეგმებიდან გამორკვევას ვერ ვასწრებ, ვიღაცამ მაჯაზე მტაცა ხელი.
-დედა რა ხდება?

-არაფერი ჩემო პატარა. შენ ახლა უნდა გეძინოს.

რადგან პატარა ვარ, არავინ თვლის ვალდებულად რამე ამიხსნას. დედას ოთახში მივყავარ. თვალი ჩალაგებულ ჩემოდანს მოვკარი, ისევ გაგრაში მივდივართ ალბათ. რა კარგია, ნიჟარებს ჩამოვიტან. დედამ ჩემი ძმის გვერდით დამაწვინა. თავადაც მომიწვა. ჩქარობდა დამეძინა. ყელში ბურთგაჩხერილი ხმით ცდილობდა რამე ემღერა. აშკარად არ გამოსდიოდა. წყვეტილი სიტყვების ნაკადი დასაძინებლად სულაც არ განმაწყობდა. მჭიდროდ ვეკრობი და ვყნოსავ ხარბად. თითქოს მინდოდა სამარადჟამოდ დამხსომებოდა.

გათენდა. წავიდა. დამიტოვა მხოლოდ სუნი და კაბები, რომელთაც მისი სურნელი შერჩენოდათ.

შემდგომი დღეები ლოდინის და მონატრების იყო. შემდგომი თვე უდედო დედის დღის და ობოლი გაზაფხულის იყო. მიილია ჭირვეული მარტიც და დადგა მზიანი აპრილი. მეგობრებთან ერთად ქვიშაში ვთამაშობ. მოულოდნელად აქოშინებულმა და ლოყებაწითლებულმა ჩემმა ძმამ მოირბინა:

– მიკო, ჩქარა, ჩქარა დედა მოვიდა! გაფართოებული თვალებით,
თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი ჭიშკრისკენ. აფორიაქებული, თვალების ცეცებით ყველგან ვეძებ მას. უკან მოვიხედე, ყველა კმაყოფილია, ყველა იცინის.

– დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია!”