fbpx
ქოფირაითინგის კონკურსი

ქოფირაითინგის კონკურსი დასრულდა – გამარჯვებულების ნამუშევრები

თარიღი: 17 May, 2023

ქოფირაითინგის კონკურსი დასრულდა. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს უნდა დაეწერათ ისტორია, რომელსაც შესაძლოა ეს სურათი ასახავდეს:

ქოფირაითინგის კონკურსი

გიზიარებთ გამარჯვებულების ნამუშევრებს, რომლებიც ჩვენთან ქოფირაითინგის კურსს 100, 50 და 30%-იანი დაფინანსებით გაივლიან.

პირველი ადგილი – მანანა ზაზარაშვილი

ნორმა ჯინ მორტენსონი – ქერა გოგონა ბავშვთა სახლიდან, ვარდისფერი სათვალის გარეშე. გაუწონასწორებელი ნაბიჯებით მიუყვება ცხოვრებას. შვიდი წლის თავზე, ნიუ-ორკში, მანჰეტენზე აღმოჩნდა თეთრი კაბით და წითელი ტუჩსაცხით. ქალი, მეტროს შახტიდან ამოსულ ქარის ნაკადს ეჯახება, რომელიც კოქტეილის კაბას ზეცისკენ მიაფარფატებს. მერლინ მონროს საკულტო ფოტო 20 საუკუნის ყველაზე სკანდალური წუთებით.

მეორე ადგილი – სანდრო საპანაძე

1980 წლის 8 დეკემბრის საღამოს, 72-ე და სენტრალ პარკ უესტის ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელ სახლთან ახლოს, ტრადიციულად, გულშემატკივართა მთელი რაზმი შეიკრიბა. ყველა მათგანმა იცოდა, რომ მომქანცველი ლოდინი ფუჭად არ ჩაივლიდა – მათი რჩეული იმედგაცრუებულს არასდროს არავის ტოვებდა. აი, როგორც იქნა, ისიც გამოჩნდა და მათკენ დაიძრა. ღიმილიანი, ავტოგრაფების დარიგებასა და ფოტოების გადაღებას ჩვეული ხალისით შეუდგა. უეცრად, ბედნიერი გარემო გამაყრუებელმა ხმამ გაარღვია. დაბნეულ ფანებს ჯერ ვერ გაერკვიათ, რომ სულ შემთხვევით, თავიანთი საყვარელი მომღერლის, ჯონ ლენონის მკვლელობა გადაიღეს.

მესამე ადგილი – ქრისტინე კაპანაძე

გაზაფხულის მშვიდი დილა იყო, როცა ქალაქში ხმა გაისმა: მთავარ გამზირზე უჩვეულო სანახაობა იწყებაო. უკვე შუადღისთვის მოედანზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა. ახალგაზრდებმა უმალ მოიმარჯვეს ფოტოაპარატები, ზოგიერთი ახლობელს ურეკავდა და ზოგიც მოთმინებით ელოდა სანახაობის დაწყებას. მალე მოედნის შუაგულში მფრინავი ობიექტი გამოჩნდა, რომელიც იქამდე არავის ენახა. ის ერთ ხანს ცენტრში დაფრინავდა, შემდეგ ხალხს მიუახლოვდა, ტერიტორიას წრე შემოარტყა და საწყის წერტილს დაუბრუნდა. უჩვეულო იყო, რომ ახალგაზრდას, თუ ასაკოვანს სახეზე ერთნაირი, გაკვირვებული ემოცია დაჰკრავდათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ობიექტი იყო მფრინავი რობოტი, სახელად დრონი, რომელმაც ამ ფოტოს სახით დაუვიწყარი კადრი შექმნა.