ჩვენი სტუდენტისა და UI/UX დიზაინის კონკურსის გამარჯვებულის ანა თოფურიძის ფინალური პროექტი
თარიღი: 11 September, 2024
ანა თოფურიძე ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. მან UI/UX დიზაინის კონკურსი მოიგო, კურსზე 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა და მისი გავლის შემდეგ ვებგვერდის დიზაინი შექმნა.
მე ვარ ანა თოფურიძე 27 წლის. ამ მიმართულებით დაახლოებით 5 წელია ვმუშაობ და ვცდილობ, რომ არ გამომრჩეს და მუდამ ფეხი ავუწყო სიახლეებს. შესაბამისად, მუდმივად ვცდილობ, გავიარო სხვადასხვა კურსი და დავესწრო სხვადასხვა ვორქშოფს. იმის მიუხედავად, რომ, როგორც ყველას, ასევე ჩემს ცხოვრებაშიც ყოფილა რთული მომენტები და აღარ ვიცოდი, რისი კეთება მინდოდა, ჩემს თავს მაინც სულ ვუმეორებდი, რომ თუ რაღაც გზით ამ მომენტებს დავძლევდი და არ გავჩერდებოდი, აუცილებლად დადგებოდა ის დღე, როდესაც ყველაფერი უკეთესად იქნებოდა და დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ასეც არის, რაც ჩემი მეგობრების და ოჯახის წევრების მხარდაჭერის დამსახურებაა.
ამ სფეროში შეიძლება ითქვას, რომ შემთხვევით მოვხვდი. თავდაპირველად front-end-ის მიმართულებით ვგეგმავდი წასვლას და ამავე მიმართულებით მქონდა კურსებიც გავლილი, თუმცა სამსახურში რომ მივედი, ჩემი პირველი პროექტი front-end-ის გარდა დიზაინსაც მოიცავდა, რის შემდეგაც აქტიურად დავიწყე დიზაინებზე მუშაობა და საბოლოოდ ამ მიმართულებით გავაგრძელე ჩემი საქმიანობა.
საქართველოში არსებულ საკმაოდ ბევრს აკადემიაში მაქვს ნასწავლი და ვცდილობ, რომ შეძლებისდაგვარად, სადაც არ მისწავლია, იქაც ვისწავლო, რადგან ყველა ლექტორი საბაზისო უნარების გარდა თავიანთ გამოცდილებას და შეხედულებებს გიზიარებს, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ჩემ ირგვლივ საკმაოდ ბევრ ადამიანს უსწავლია და კმაყოფილები დარჩენილან, რის გამოც მეც ვფიქრობდი კურსის გავლას. თუმცა ხან რა მიზეზით და ხან რა, თავი ვერასდროს მოვაბი. შემდეგ შემხვდა Facebook-ზე პოსტი, რომ სწავლას სხვადასხვა რაოდენობით აფინანსებდნენ თუ კონკურსში რომელიმე ადგილს აიღებდი და მეც ვიფიქრე თუ ბედია, აუცილებლად მოვხვდებითქო და ეგრეც მოხდა.
აკადემიაში UI/UX დიზაინის კურსი გავიარე. თავდაპირველად არ მქონდა დიდი მოლოდინები. ვფიქრობდი, რომ მაინცდამაინც ახალს ვერაფერს ვისწავლიდი, რადგან სხვა კურსებიც მაქვს გავლილი და ასე თუ ისე დიდი ხანია რაც ამ სფეროში ვარ. თუმცა სასიამოვნოდ შევცდი, რადგან საკმაოდ ბევრი რამ მასწავლა ამ კურსმა, რასაც აქტიურად ვიყენებ და გამოვიყენებ ჩემს მომავალ პროექტებში.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე ის იყო, რომ უფრო მეტად გავხდი დეტალებზე ორიენტირებული, გამოვერკვიე თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს და როგორ გეხმარება სწორად რაღაცეების დაჯგუფება და უფრო მეტად ვისწავლე სწორი მუშობის პრინციპები.
ჩემი ლექტორი – გიგი ალბათ ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო ლექტორია, ვისთანაც შეხება მქონია. იმის მიუხედავად, რომ მის სახეზე ღიმილი არც ერთხელ არ მინახავს. საკმაოდ მარტივად და გასაგებ ენაზე ხსნიდა და რაც მთავარია, ყოველთვის სამართლიან და სწორ შენიშვნებს/რჩევებს იძლეოდა, რაც ვთვლი რომ წინ წაწევაში დამეხმარა.
დამწყებ დიზაინერებს ვეტყოდი, რომ თავის დამკვიდრება ნებისმიერ სფეროში და მითუმეტეს ციფრულ ინდუსტრიაში/ტექნოლოგიებში საკმაოდ რთულია, თან როცა საქართველოში ცხოვრობ, თუმცა შეუძლებელი არაფერი არ არის და თუ ენერგიას არ დაზოგავენ, რომ დასახულ მიზანს მიაღწიონ, არასდროს გაჩერდებიან და თავიანთ თავს მუდამ ეტყვიან, რომ აუცილებლად გამოუვათ, ასეც იქნება.
რადგან ახლა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და მოთხოვნადი ონლაინ შოპია, მეც ამიტომ გადავწყვიტე მსგავსი მიმართულებით წასვლა. თუმცა გულწრფელად რომ ვთქვა, ვიზუალს დიდი დრო ვერ დავუთმე, რადგან საკმაოდ დატვირთული ვიყავი. ამიტომ ჩემი მიზანი უფრო ტექნიკურად გამართვა იყო, რადგან ვთვლი, რომ ყველაზე მეტად მაგ ნაწილში მჭირდებოდა დახვეწა და განვითარება. რაშიც ვფიქრობ, თავი არ დავზოგე და შევეცადე, მაქსიმალურად გამეთვალისწინებინა ყველაფერი, რაც კურსის განმავლობაში ვისწავლე.