fbpx
ანიმაცია

ანიმაცია სახელად ,,უცნაურობა” – ქეთი მსხილაძე

თარიღი: 1 October, 2020

“Oddity”, იგივე “უცნაურობა” არის სიზმრისეული ეპიზოდი, რომელშიც ირღვევა საზღვარი რეალობასა და არაცნობიერს შორის.” – ქეთი მსხილაძე

ვიდეო, რომელიც ქეთი მსხილაძემ სიმღერა “Drift”-ზე შექმნა, ანიმაციას მან სახელად “Oddity” იგივე უცნაურობა დაარქვა.

-მე ვარ..

მე ვარ ქეთი მსხილაძე, 21 წლის, ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ციფრული და მხატვრული ანიმაციის მიმართულებით. ამჟამად ვმუშაობ მხატვარ ანიმატორად სტუდია Animatory-ში.

-ანიმაციის შესახებ…

“Oddity” არის ჩემი საბაკალავრო ნაშრომი. ადრევე გავიგე ჩემი ლექტორისგან, რომ შემეძლო გამეკეთებინა ანიმაცია მუსიკალური გაფორმებით და იმ წამსვე ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა კლიპი ჩემ შერჩეულ სიმღერაზე “Drift” ჯგუფი Rivka-ს შესრულებით.

-შთაგონება..

პროექტის მთავარი ინსპირაცია არის სწორედ ზემოაღნიშნული სიმღერა, რომელსაც ყოველთვის ვუსმენ მუშაობისას, დასვენებისას, ის ერგება ყველა ჩემს ხასიათს. სადიპლომოზე მუშაობის დაწყებისას არ არსებობდა სცენარი, პერსონაჟები, იყო მხოლოდ იდეა და სურვილი, რომ მოკლე სცენებით გადმომეცა ის ემოცია, რომელსაც იწვევს ჩემში ეს მელოდია. მინდოდა შემექმნა ესთეტიკურად სასიამოვნო კლიპი, რომელშიც სცენებს დავაკავშირებდი გლუვი გადასვლებით და მორფინგით. “Oddity”, იგივე “უცნაურობა” არის სიზმრისეული ეპიზოდი, რომელშიც ირღვევა საზღვარი რეალობასა და არაცნობიერს შორის.

-სამუშაო პროცესი..

თავიდან რთული იყო კრიტიკისა და შენიშვნების მიღება დისტანციურად, მაგრამ ეს მალევე გადავლახეთ ხელმძღვანელთან ერთად. სახლიდან მუშაობა ძალიან მოუხდა ასეთ ინდივიდუალურ პროექტს. ანიმაცია დახატულია ხელით პროგრამა TV Paint-ში, ხოლო ფონები ავამოძრავე Adobe After Effects-ის საშუალებით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მაქვს სასწავლი და დასახვეწი შესრულების მხრივ, საბოლოოდ გამოვიდა სწორედ ისეთი ,,უცნაურობა”, როგორიც მქონდა ჩაფიქრებული.

-სამომავლოდ..

მომავლისთვის მაქვს იდეა, რომელზეც ვმუშაობ პირველი კურსიდან. მინდა დავხატო მოკლე ანიმაციები, რომლებითაც გავაცნობ ხალხს ამ ისტორიასა და მის პერსონაჟებს. ასევე, უახლოეს მომავალში მინდა გავაქტიურდე სოც. მედიაში და გავაზიარო პროგრესი, პერსონაჟების ვიზუალები და ა.შ. ამჟამად კი ვაგრძელებ მუშაობას სტუდიაში და ჩემი მთავარი მიზანია ვისწავლო და განვვითარდე, როგორც მხატვარი და ანიმატორი.

მიიღე -100₾ ფასდაკლება ჩვენს კურსებზე

ფასდაკლების მიღება